კრიმინალიპოლიტიკასაბერძნეთი

„ხრისი ავღი“ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა – „დემოკრატიის და სამართლიანობის ზეიმი საბერძნეთში“

7 ოქტომბერს, ოთხშაბათს ათენის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ოქროს განთიადის“ („ხრისი ავღი“) წინააღმდეგ 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი დაასრულა და ისტორიული განაჩენი გამოიტანა: „ხრისი ავღის“ „ფიურერი“ ნიკოს მიხალოლიაკოსი და პარტიის წევრი ყოფილი დეპუტატები დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივი ორგანიზაციის  შექმნასა და ხელმძღვანელობისთვის. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

პავლოს ფისასის ცივსისხლიანი მკვლელობიდან  7 წლის და სასამართლო პროცესის დაწყებიდან 5,5 წლის თავზე ათენის სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ 3 წევრის შემადგენლობით თავისი ისტორიული  და ერთსულოვანი გადაწყვეტილება  გამოაცხადა: „ოქროს განთიადი“ – დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის ლიდერი ნიკოს მიხალოლიაკოსი და კიდევ 6 ხელმძღვანელი პირი დამნაშავედ გამოცხადდა, „ხრისი ავღის“ 15 წევრს დაუმტკიცდა ბრალი პავლოს ფისასის მკვლელობის წინასწარ ორგანიზებაში მონაწილეობისთვის. მკვლელს – გეორგიოს რუპაკიასს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

სასამართლოს მიერ დამნაშავედ აღიარებული პირებიდან 11 – საბერძნეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატია (შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედ პარლამენტში „ხრისი ავღი“ არ არის წარმოდგენილი, რადგან 2019 წლის 7 ივლისს გამართულ რიგგარეშე საპარალამენტო არჩევნებში ნეონაცისტურმა პარტიამ 3%-იანი ზღვარი ვერ გადალახა).

ისტორია: 

2013 წლის 17-18 სექტემბრის ღამეს ამფიალის რაიონში (კერაცინი, პირეოსი) კაფეში 34 და 45 წლის ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა საფეხბურთო მატჩის გამო (იქ პავლოს ფისასი საფეხბურთო მატჩს უყურებდა მეგობრებთან ერთად). მოგვიანებით, როდესაც 34 წლის მამაკაცი კაფედან გამოვიდა, მას თავს დაესხა კამუფლაჟის ფორმიანი 15 ადამიანი. ამ დროს მოვიდა მანქანაც, საიდანაც გადმოვიდა მძღოლი – კაფეში დაპირისპირების მონაწილე 45 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა კაცს გულში დანა გაუყარა.

სასიკვდილოდ დაჭრილმა ახალგაზრდამ გარდაცვალებამდე მოასწრო პოლიციელებისთვის თავისი მკვლელის ვინაობა ეთქვა. თავდამსხმელი „ხრისი ავღის“ წევრი აღმოჩნდა –  45 წლის გეორგიოს რუპაკიასი. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, მან დანაშაული აღიარა. ახალგაზრდა კაცი კი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ეს იყო პავლოს ფისასი, ბერძენი რეპერი, რომელიც გამოდიოდა შემოქმედებითი ფსევდონიმით Killah P. იგი მემარცხენე შეხედულებებს იზიარებდა, თავის სიმღერებში თანაგრძნობას გამოხატავდა დევნილების, მიგრანტების მიმართ, გამოდიოდა ძალადობის, მკვლელობების წინააღმდეგ, აქტიური ანტიფაშისტური პოზიცია ეკავა, ღიად უპირისპირდებოდა ნეონაცისტურ ჯგუფებს, რომლებიც ათენის გარეუბანში მიგრანტებს თავს ესხმოდნენ.

მისმა მკვლელობამ აღშფოთებების დიდი ტალღა გამოიწვია არა მარტო საბერძნეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. გაიმართა დემონსტრაციები საბერძნეთის თუ ევროპის დიდ ქალაქებში. მოკლული ანტიფაშისტი რეპერის – პავლოს ფისასის სახელი დაერქვა ერთ-ერთ ქუჩას ათენში. მუსიკოსის მკვლელობის ადგილას ძეგლია აღმართული.

პარტია „ხრისი ავღის“ ლიდერმა ნიკოს მიხალოლიაკოსმა აღიარა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ანტიფაშისტი მომღერლის მკვლელობის გამო, თუმცა განაცხადა, რომ დაუშვებლად მიაჩნია „მთელი პარტიის გასამართლება“. მისი თქმით, დევნა იდეოლოგიური და პოლიტიკური იყო და ბოლომდე იბრძოლებს  თავისი უფლებების დასაცავად.

ნინო ბაჯელიძე

ნახეთ მოკლული რეპერის დედის, მაგდა ფისასის რეაქცია სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close