ისტორიაქართველები უცხოეთში

დავით ხიდაშელი ადასტურებს, რომ რუკების დედნები, რომელთა საფუძველზეც დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ რუკების დედნები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის არამართლზომიერი გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს მან გადასცა.

დავით ხიდაშელმა სოციალურ ქსელში მიმოწერისას აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოში დაბრუნდება და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს. რომელი წლების რუკებზეა საუბარი და როგორ აღმოჩნდა დოკუმენტები ბიზნესმენის ხელში, ამაზე იგი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ცნობილია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ეს განცხადება საგამოძიებო უწყებამ სამი დღის წინ გაავრცელა, თუმცა მას შემდეგ განმარტებები აღარ გაკეთებულა.

გუშინ, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ჩხრეკები დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლებსა და ოფისებში.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერად მუშაობდა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისია, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები შეათანხმა და იხელმძღვანელა თუ არა მაშინ კომისიას 1938 წლის რუკით. ახლად მოპოვებული რუკებისა და ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, არ არის გამორიცხული, აღნიშნული შეთანხმება, რომელიც 2006-2007 წლებში მოხდა, გადაიხედოს.

ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა: „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა,2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“, – განაცხადა ზალკალიანმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close