fbpx
პოლიტიკასაქართველო

„საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის საზიანოდ შეთანხმდა“

საქართველოს გენერალური პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. 

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

„საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების თაობაზე“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close