საზოგადოებასაბერძნეთი

წესების დაცვა ან კარანტინი: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას ალტერნატივას სთავაზობს

24 სექტემბერს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა და მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემოღებული წესები, რათა მთავრობა კარანტინის დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.

რამდენადაც ვირუსი ბოლო დროს დაჩქარებული ტემპით ვრცელდება, კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია შეიქმნა. პანდემიის გარდა სახელმწიფოს უწევს ბრძოლა სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებთან, როგორიცაა: ეროვნული უსაფრთხოების საკითხები, მიგრაცია, ეკონომიკური კრიზისი და ბუნებრივი კატასტროფები – ასეთ ვითარებაში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების მაღალ შეგნებას. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ეპიდემიის გავრცელების შეჩერება. სანამ ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატი შეიქმნება, მოსახლეობას ვირუსთან ერთად მოუწევს ცხოვრება.

პრემიერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მოწყვლადი ჯგუფების გაფრთხილების აუცილებლობას. ის, რაც ახალგაზრდისთვის უბრალოდ ყელის ტკივილია, მოხუცებისთვის შესაძლოა სასიკვდილო დაავადებად იქცეს. ამ თვალსაზრისით, საბერძნეთში არ უნდა გამეორდეს ის, რაც ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაზაფხულზე შემოღებულმა ლოქდაუნმა სასურველი შედეგი გამოიღო. დღეს უკვე ნათელია, რომ ამ გზით ვირუსის გავრცელება ეფექტიანად მცირდება. ამავე დროს, ეს ძალიან ძვირი უჯდება ქვეყნის ეკონომიკას. ამდენად, არსებობს უკიდურესი აუცილებლობა, საზოგადოებამ არ უგულებელყოს ელემენტარული წესები: ყველამ ატაროს ნიღაბი, დაიცვას სოციალური დისტანცია, მოერიდოს ხალხმრავალ შეკრებებს. ასეთ შემთხვევაში, მიცოტაკისის თქმით, ახალი შეზღუდვების დაწესება საჭირო აღარ გახდება.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

p. s. 24 სექტემბრის მონაცემებით, საბერძნეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 341 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (რეკორდული დღიური ზრდა  იყო 21 სექტემბერს – 453) და ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა 16 627-ს მიაღწია. გარდაიცვალა 9 პაციენტი და პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა 366-ს უდრის. ყველაზე მეტად ვირუსი ატიკის რეგიონში (ათენი) ვრცელდება, სადაც მთლიანობაში 5579 შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდ-19-ისგან საბერძნეთში 9989 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close