ქართველები უცხოეთშისპორტი

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა – ქართველი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩს გამოტოვებს

შოთა არველაძეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს – უზბეკური მედიის ცნობით, ტაშკენტის „პახტაკორის“ ქართველი მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

უზბეკეთის ახალი ამბების სააგენტოს, upl.uz-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არველაძე 14 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

„აღსანიშნავია, რომ არველაძეს აქვს ასთმა და კორონავირუსს შეუძლია გააუარესოს მისი მდგომარეობა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – წერს გამოცემა.

სექტემბერში „პახტაკორი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისთვის ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაფრინდა და ჯგუფური ეტაპის ოთხი მატჩიდან სამი უკვე ჩაატარა. 14 სექტემბერს საუდის არაბეთის „ალ-ჰილალთან“ ანგარიშით 1:2 წააგო, შემდეგი ორი მატჩი კი ანგარიშით 0:0 დაასრულა – 17 სექტემბერს „ალ-ჰილალს“ მეორედ დაუზავდა, ისევე, როგორც 20 სექტემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდ „შაბაბ ალ-აჰლისს“.

ტაშკენტელებს ბოლო შეხვედრა ირანის „შაჰრ ხოდროსთან“ დღეს, 23 სექტემბერს ჰქონდათ დაგეგმილი და ქართველი მწვრთნელი, ცხადია, შეხვედრას გამოტოვებს. „პახტაკორი“ ახალ, ალ-ჟანუბის სტადიონზე თამაშობს, რომელიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა. სტადიონი საექსპლუატაციოდ 2019 წლის მაისში გადაეცა და 40 000 მაყურებელს იტევს.

B ჯგუფში „პახტაკორი“ რვა ქულით მეორე ადგილზეა, პირველზე კი საუდის არაბეთის „ალ-ჰილალია“, რომელმაც 11 ქულა დააგროვა. შემდეგ მოდიან „შაბაბ ალ-აჰლი“ (შვიდი ქულა) და „შაჰრ ხოდრო“ (ერთი ქულა).

1tv.ge

 

p. s. „სწრაფი ტესტის მიხედვით კორონავირუსი დამიდასტურდა, ველოდები „პისიარის“ პასუხს, იზოლაციაში ვარ“, – დაწერა შოთა არველაძემ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე და უარყო უზბეკურ მედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს ასთმა აქვს.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება“, – წერს არველაძე.

სტატია განახლებულია 20:20 სთ-ზე (23 სექტემბერი, 2020)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close