ისტორიაქართველები უცხოეთში

ვინ არის ევროკავშირის ქართველი იდეოლოგი

„ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს“

სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი, იგივე მიშელ მუსხელი ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთ იდეოლოგი და ევროპის კონსტიტუციის ფუძემდებელი იყო.

1948 წელს მან, ფრანგ მკვლევართან ერთად, ევროპის კონსტიტუციის პროექტი შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუციას. ნაშრომში „ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა“ მან ევროპის გაერთიანების აუცილებლობა დაასაბუთა.

1958 წელს ბრიუსელში, საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას, მიხეილ მუსხელიშვილმა ინსტიტუციების შექმნის საკითხი დააყენა, რაც მალევე განხორციელდა და თანამედროვე ევროკავშირის ინსტიტუტები შეიქმნა.

მიშელ მუსხელის, როგორც ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის წარმომადგენლის, მანდატი; 1952

მიხეილ მუსხელიშვილი იყო ევროპაში საზღვრების მოშლის ერთ-ერთი ინიციატორი. მან 1951 წელს 8 ქვეყნის 300-ზე მეტ სტუდენტთან და სამ თანამოაზრე პროფესორთან ერთად, სიმბოლურად მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, რაც გულისხმობდა ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას; საფუძველი ჩაუყარა შენგენის ზონის შექმნას ევროპაში.

სტრასბურგის უნივერსიტეტში იგი აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა. ეს ცენტრი დღესაც არსებობს და „მუსხელის ცენტრის“ სახელწოდება აქვს. მიშელ მუსხელი იყო პატარა ერების უფლებების დამცველი – წერდა ევროპულ პარალელებზე: „საქართველო და ევროპა“, „ქართულ-ევროპული მოძრაობის მემორანდუმი“, „რუსეთი არ არის ევროპა“ და სხვა.

გაზეთ „ლე ფიგაროს“ ცნობით,1950 წლის 6 აგვისტოს სტრასბურგში, ევროკონფერენციის გახსნის წინადღეს ევროპის 8 ქვეყნის 300-მა სტუდენტმა, მიშელ მუსხელისა და კიდევ სამი სხვა პროფესორის წინამძღოლობით, მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და ერთიანი ევროპის დროშა აღმართა.

„ჩვენ მხოლოდ პატარა კოცონი დავანთეთ. დიდი ცეცხლი ახლა სტრასბურგში უნდა გაჩაღდეს, რომ ევროპული გულებიც აინთოს“, – უთქვამს მაშინ მიშელ მუსხელს

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ ჯაფარიძის კვლევის მიხედვით, მიხეილ მუსხელიშვილს, იგივე მიშელ მუსხელს უკავშირდება ძირეული ცვლილებები სფეროებში, როგორიცაა: განათლება, ევროპა საზღვრების გარეშე, ერთიანი ბაზრი, აგრეთვე, საფრანგეთის კონსტიტუციის ძირითადი დებულებები.

  • 1948 წელს მან ფრანგ კონსტიტუციონალისტ სტეფან გასტონთან ერთად შექმნა ევროპის ფედერალური კონსტიტუციის პროექტი, რომლის მნიშვნელოვანი დებულებები ასახულია თანამედროვე ევროკავშირის სამართალში.
  • კონსტიტუციის პროექტში დეტალურად გაწერილია პოლიტიკური და სოციალური დემოკრატიის პრინციპები, რომლებიც დაფუძნებულია მშვიდობასა და სოციალურ სამართალზე ფედერაციის ერთიანობაში და ფედერაციული სახელმწიფოების განსხვავებულობაში.
  • ერთიანი ევროპული ბაზრის შექმნისა და ევროგაერთიანების ინსტიტუციების დაარსების იდეა.
  • ევროპაში საზღვრების მოშლის კონცეფცია, რაც ახლა „შენგენის ზონით“ არის ცნობილი – ევროკავშირში, ფაქტობრივად, საზღვრები მოიშალა.
  • ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაცია და ევროპული საგანმანათლებლო სისტემების და პროგრამების ჰარმონიზაცია, რისი ანალოგიც არის „ბოლონიის პროცესი“’.

მიხეილ მუსხელიშვილი 1964 წლის 11 ივლისს იტალიაში, ვალ დ’აოსტაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 61 წლისა (იტალიის ალპებში, მწვერვალ სევინის (3378 მ.) დაპყრობის შემდეგ დაშვებისას გადაიჩეხა – nostal.ge). სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ალექს ვეილმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა:

„ჩვენი მეგობარი მიშელ მუსხელი იმ პირველ მოაზროვნეთა შორის იყო, რომელთაც ევროკავშირის შექმნის იდეა შემოიტანეს და იგი ამ იდეის შექმნისთვის იბრძოდა კიდეც სტრასბურგში“.

ევროპულ პრესაში მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უნივერსიტეტთა სამყაროსათვის, ევროპულ მოძრაობათათვის ეს აუნაზღაურებელი დანაკლისია“, – წერდა ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“. 

მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე ორი რომაელი სტუდენტი ავიდა მონბლანზე და ერთიანი ევროპის დროშა ააფრიალა, – ეს აქტი მათ საყვარელი პროფესორის ხსოვნას მიუძღვნეს.

მიხეილ მუსხელიშვილი 1903 წელს თბილისში დაიბადა. მამამ იგი 1918 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გააგზავნა. მიშელ მუსხელს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 1931 წელს მიენიჭა და პროფესორი მუსხელი პარიზის უნივერსიტეტის უმაღლესი საერთაშორისო ურთიერთობების კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა. იგი დაოჯახებული არ ყოფილა (მიხეილ მუსხელიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი ძმისშვილია ისტორიკოსი, აკადემიკოსი დავით მუსხელიშვილი, ასევე ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ლევან მუსხელიშვილის ვაჟი – nostal.ge).

სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი და საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრის გამგე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი მიხეილ მუსხელიშვილი დაკრძალულია საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close