საზოგადოებასაქართველო

„ცოტნეს რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის“ – კონსტანტინე გამსახურდია

მკურნალობის ხარჯს სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“

ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, სადაც მადლობას უხდის ფონდ „ქართუს“ ცოტნეს მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვისთვის.

კონსტანტინე გამსახურდია აღნიშნავს, რომ თავისი ძმა ჰაიდელბერგის კლინიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან იზორიასთან ერთად მოინახულა.

„დღეს, 19 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ბატონმა ლევან იზორიამ, ასევე მე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა და საელჩოს კიდევ ორმა თანამშრომელმა მოვინახულეთ ცოტნე გამსახურდია ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში, სადაც იგი რეაბილიტაციის და მკურნალობის კურსს გადის. როგორც ჩემი, ისე კოლეგების აზრით, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის და განკურნების პროცესი გეგმაზომიერად წინ მიდის. ყველაფერი კეთდება მისი გამოჯანმრთელებისთვის. გვსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს,“ რომელიც სრულად ფარავს მკურნალობის ყველა ხარჯს“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდიას ძმამ, გიორგი გამსახურდიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ მისი ძმის მკურნალობის მოტივით თანხების შეგროვება თაღლითობაა და მოქალაქეებს მოუწოდა, შეცდომაში არ შევიდნენ, რადგან, როგორც გიორგი გამსახურდია აღნიშნავს, მკურნალობის ყველა ხარჯს სრულად ფარავს ფონდი „ქართუ“. იგი სოფია სოფიას აქაუნტით შექმნილი გვერდიდან სქრინშოთსაც აქვეყნებს, სადაც წერია ბანკის ანგარიშები ცოტნეს მკურნალობისთვის თანხის ჩარიცხვის თხოვნით.

ცოტნე გამსახურდია თურქეთიდან ივლისში გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც ჰაიდელბერგის შმიდერის კლინიკაში მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს გადის.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close