საქართველო უცხოელ ვიზიტორებს PCR ტესტის პასუხს სთხოვს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,15 სექტემბრიდან ახალი რეგულაცია შედის ძალაში: ქვეყანაში შემომსვლელ უცხოელ ვიზიტორებს მოუწევთ საზღვარზე წარადგინონ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტირების პასუხი (რა თქმა უნდა, უარყოფითი), – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, 15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ისინიც, რომლებსაც, ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, აქამდე არ ჰქონიათ არანაირი ვალდებულება და ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, ვალდებულები იქნებიან, თან იქონიონ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი.
ეს აუცილებელია, რათა „ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და, მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაც და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება“, – განმარტა პრემიერმა.
მისივე თქმით, ახალი რეგულაცია 15 სექტემბრიდან შევა ძალაში, რათა პრობლემა არ შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ ბილეთი და საქართველოში მოემგზავრებიან.
კომენტარები