fbpx
მოგზაურობაიტალიაკულტურა

იტალია ციცის ობიექტივში: ორგოზოლო – მოხატული ქალაქი (ფოტოები)

იტალიის კუნძული სარდინია ევროპაში გამორჩეულია ულამაზესი სანაპიროებით, თეთრი ქვიშით და ცისფერი გამჭვირვალე წყლით, მაგრამ სანამ სანაპიროებს ეწვევით, სარდინიის შუაგულში მდებარე პატარა დასახლება ორგოზოლოს (ნუოროს პროვინცია) მონახულება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ეს მოხატული ქალაქი ნამდვილად გამორჩეულია არა მარტო სარდინიაზე, არამედ მთელ იტალიაში.

ორგოზოლოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ადგილობრივი ენა სარდუ, ტრადიციული ჩაცმულობა და ძველებური ცხოვრების წესი: მაგალითად, ყველა შუახნის მამაკაცი შავ ვიწრო ველვეტის შარვალსა და ადგილობრივი ტყავის ტიპურ სარდოულ ჩექმებშია გამოწყობილი, ამასთან ერთად, მამრობითი სქესის ვერცერთ წარმომადგენელს ვერ ნახავთ გრძელი თმით. ხმის როხროხა ტემბრისა და ჯიუტი ხასიათის გამო აქაურები სვანებს მივამსგავსე.

ამ პატარა ქალაქის შენობების კედლები თითქმის მთლიანად მოხატულია, ნახატების უმეტესობა პოლიტიკური ხასიათისაა, ახლავს წარწერები, მეტწილად სარდოულ ენაზე, თუმცა ზოგან შეიძლება იტალიურადაც იყოს, მთავარი აქცენტი კეთდება მათი ტრადიციების ხელშეუხებლობასა და თავისუფლებაზე: „აქ კანონს ვქმნით ჩვენ და არა მთავრობა“.

როგორც ჩანს, აქაურებს აღიზიანეთ წესები და ლიმიტები, შესაბამისად, სადაც რაიმე ბანერი დაიდგმება, საფანტიან თოფს ესვრიან და ხვრეტენ.

ამ ქალაქში, რომელიც სარდინიის შუაგულში, მთებში, ზღვის დონიდან 620 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ყველაზე უკეთ არის შენარჩუნებული სარდინიის სული. ქალაქი 1358 წელს დაარსდა, თუმცა ამ ადგილას ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანით თარიღდება.

ორგოზოლო ფართოდ გახდა ცნობილი გაცილებით გვიან – 1969 წლიდან, როდესაც იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქ სამხედრო პოლიგონი აეშენებინა, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. სწორედ ამის შემდეგ, 1975 წლიდან ჩაისახა ქალაქში მურალესი (murales) – შენობების კედლების მოხატვა სოციალური და პოლიტიკური შინაარსის ნახატებით.

ამ დროისთვის ქალაქში უკვე 150-ზე მეტი მურალესია. ტურისტები სპეციალურად მოდიან ორგოზოლოში ამ ნახატების სანახავად.

ორგოზოლოს სახლების კედლებზე 10-იდან 9 ნახატი ფრანჩესკო დელ კაზინოს და მის მოწაფეებს ეკუთვნით. სწორედ ფრანჩესკო დელ კაზინომ გადააქცია ქალაქის შენობების უსახური კედლები კოლორიტულ „ქვის ტილოებად“.

ციცი ხაბელაშვილი

სარდინია, 2020 წლის აგვისტო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close