იტალიასაზოგადოება

იტალიაში გასულ ერთ დღეში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა

კოვიდ-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 22 აგვისტოს  საღამოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში გასულ 24 საათში კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ლაბორატორიულად, რის შედეგადაც ინფიცირების შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ 258 136-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 12 მაისის შემდეგ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს პირველად გადააჭარბა.

ჩატარდა 77 ათასი ტესტი – 5 ათასით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

ლაციომ ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებლით ლომბარდიას გაუსწრო. ლაციოში 215 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ლომბარდიაში – 185; ამ მხრივ მესამე ადგილზეა ვენეტო – 160.

გასულ ერთ დღეში კორონავირუსმა კიდევ 3 ადამიანი იმსხვერპლა და მთლიანობაში მსხვერპლთა რაოდენობა 35 430-მდე გაიზარდა.

გარდაცვალების შემთხვევების მცირე რაოდენობას ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის ფონზე ექიმები იმით ხსნიან, რომ ახალი ინფიცირებულები, ძირითადად, ახალგაზრდა ან საშუალო ასაკის ადამიანები არიან, რომელთა შემთხვევაში კოვიდ-19 ლეტალურ შედეგს იშვიათად იწვევს.

რაც შეეხება რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვას, ემილია-რომანიის რეგიონის პრეზიდენტი სტაფანო ბონაჩინი თავისი კოლეგის, კამპანიის პრეზიდენტ ვინჩენცო დე ლუკას მოსაზრებას, რომ შესაძლოა ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართონ რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მოთხოვნით, არ ეთანხმება და ამბობს, რომ მოცემულ მომენტში ამის საჭიროება არ არსებობს. ამავე აზრისაა ლიგურიის პრეზიდენტი ჯოვანი ტოტი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close