მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში სამ დღეში კორონავირუსის 16 269 შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანიამ თითქმის მთელი ესპანეთი „რისკის ზონად“ გამოაცხადა

ივნისის ბოლოდან, სამთვიანი კარანტინის მოხსნის შემდეგ, ესპანეთში ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამ დღეში, 14 აგვისტოდან 17 აგვისტომდე კი, ქვეყანაში კორონავირუსის 16 269 შემთხვევაა გამოვლენილი.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო შეზღუდვები კიდევ ოთხ რეგიონში – ანდალუსიაში, გალისიაში, კანტაბრიასა და კასტილიაში გამკაცრდა.

აღნიშნულ რეგიონებში ღამის კლუბები დახურეს, ხოლო რესტორნებისა და ბარების მუშაობა ღამის პირველ საათამდეა ნებადართული.

ამასთან, ღია სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე თამბაქოს მოხმარება აიკრძალება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო გერმანიის მთავრობამ ესპანეთის თითქმის მთელი ტერიტორია (კანარის კუნძულების გარდა) „რისკის ზონად“ გამოაცხადა, მათ შორის, გერმანელთათვის დასვენების საყვარელი ადგილი – მაიორკა, და რეკომენდაციას აძლევს საკუთარ მოქალაქეებს, ესპანეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ინფორმაცია „დოიჩე ველემ“ გაავრცელა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ფრანს პრესთან“ განმარტა, რომ „რისკის ზონა“ არ ნიშნავს ესპანეთთან საზღვრის დაკეტვას და მიმოსვლის აკრძალვას, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდ დარტყმას მიაყენებს ესპანეთის ტურიზმის სექტორს, რადგან მაიორკას, იბიცას და ბალეარის კუნძულებს (სადაც ჯერჯერობით ვირუსის გავრცელება ისევ დაბალ დონეზე რჩება), ჩვეულებრივ,  მილიონობით გერმანელი ტურისტი სტუმრობს.

მაგალითად, 2018 წელს მარტო მაიორკაზე 4,3 მლნ გერმანელი ტურისტი ჩავიდა.

ცნობისათვის, პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე (11.:30, 18.08.2020) ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 382 142 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 28 646-ს უდრის ანუ კოვიდ-19-ისგან გამოწვეული სიკვდილიანობა 7,5%-მდეა.

მსოფლიო მასშტაბით ამ დროისთვის სულ ინფიცირების  22 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 14 მლნ 600 ათასამდე პაციენტი გამოჯანმრთელდა, 777 ათასზე მეტი კი  გარდაიცვალა (3,5%).

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close