საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

„წელს ვაქცინა დაივიწყეთ“ - ბერძენი ექიმი

საბერძნეთში გუშინ, 9 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში კოვიდ-19 ქვეყანაში 203 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღეებში საბერძნეთში ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა, რაც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში სულ რეგისტრირებულია SARS-CoV-2-ით ინფიცირების 5623 შემთხვევა, გარდაიცვალა 212 ადამიანი.

ექსპერტების თქმით, ეს სიტუაცია, ძირითადად, გამოწვეულია ადამიანთა დიდი თავშეყრით სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით ათენსა და თესალონიკში, სადაც ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.

როგორც ათენის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელი მატინა პაგონი განმარტავს, საბერძნეთში ინფიცირების ინდექსმა Ro ერთს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. მისივე თქმით, მაისში საბერძნეთში ინფიცირების ინდექსი იყო Ro 0,20-0,25, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

„თუ დაიწყება ჰოსპიტალიზაციები და ინტუბაციები (როგორც ცნობილია, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები სჭირდებათ – ნ. ბ.), ყველაფერი წყალში ჩაიყრება. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე არ მოხდება, ამისთვის 50 კაცამდე უნდა შეიზღუდოს ადამიანთა თავშეყრა“, – განაცხადა ექიმმა SKAI-ს ეთერში.

ექსპერტის თქმით, პანიკა საჭირო არ არის, უბრალოდ, ადამიანები უნდა გაფრთხილდნენ. „ეს რთული სიტუაცია 20 აგვისტომდე გაგრძელდება, სანამ თბილი დღეებია. ძირითადი რეკომენდაციები იგივე რჩება: ადამიანებს შორის 2 მეტრზე მეტი დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა“.

„წელს ვაქცინა დაივიწყეთ, – განაცხადა დასკვნის სახით ათენის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელმა, – მის შექმნას გარკვეული სტადიები აქვს. საორიენტაციოდ, ვაქცინის გამოყენება შესაძლებელი გახდება 2021 წელს“.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close