ეკონომიკასაქართველო

რა დახმარებებს მიიღებენ მოქალაქეები სახელმწიფოსგან მესამე ეტაპზე – დეტალური ინფორმაცია

მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რა დახმარებებს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.

სოციალური დახმარების პროგრამებზე ამ ეტაპზე 410 მლნ ლარია გათვალისწინებული: მთავრობა კომუნალურ დახმარებებზე 200 მილიონ ლარს დახარჯავს, ხოლო ბავშვების დახმარებისთვის -170 მილიონ ლარს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყებამდე 17 წლამდე (ჩათვლით) ასაკის ყველა ბავშვი ერთჯერადად მიიღებს 200-ლარიან დახმარებას, მათ შორის, ჩვილებიც. იმ შეძლებულ ოჯახებს, რომლებსაც ეს სუბსიდია არ სჭირდებათ, შესაძლებლობა აქვთ, უარი თქვან დახმარებაზე.

სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სწავლის საფასურს დაუფარავს.

გარდა ამისა, 150 000 სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, რომელთაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვთ, სახელმწიფო 1 წლის სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს. ამ შეღავათებით საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება.  4 თვის განმავლობაში – ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში – მოსახლეობას კომუნალური გადასახადების გადახდა არ მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ მოიხმარენ მაქსიმუმ 200 კვტ/სთ დენს (რაც ფულად გამოხატულებაში 37 ლარამდეა; დენის გადასახადთან ერთად სუბსიდირება შეეხება დასუფთავების და წყლის გადასახადსაც) და 200 მ³-მდე გაზს, რაც ფულად გამოხატულებაში 92 ლარამდეა.

300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ ის თვითდასაქმებულებიც, რომლებსაც ამ ტიპის დახმარება ჯერ არ აუღიათ, მიუხედავად იმისა, წარადგინეს თუ არა სრულყოფილი დოკუმენტაცია.

პრემიერის განცხადებით, დამატებითი სოციალური დახმარების გაცემა საბიუჯეტო სახსრების გარდა შესაძლებელი გახდა StopCov ფონდში აკუმულირებული თანხებით. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ფონდში არსებული თანხა 134 მლნ ლარს აჭარბებს.

მორიგი დახმარების პროექტი თავდაცვის სამინისტრომაც წარადგინა ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას“ მიიღებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close