ჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„ირლანდიელი კაცი ვარ, რომელიც არა მხოლოდ მართლმადიდებელი გახდა, გაქართველდა კიდეც და დღეს მამა დავითი გახლავართ“

რა გზით მივიდა  ირლანდიელი დევიდ ლონერგანი  გაქართველებამდე და ქართული დიასპორის გამაერთიანებელი მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვრობამდე, ანდა რატომ მიაჩნია მას საქართველო დედამიწაზე ღმერთის სამეფოდ?

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში უკვე თექვსმეტი წელია მოქმედებს საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებული წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც არა მარტო დუბლინში მცხოვრები ქართველებისთვის ის ადგილია, სადაც შაბათ-კვირას ყველას განსაკუთრებული სიხარულით მიეჩქარება. მამა დავითის ხელშეწყობით, კიდევ ერთ ქართულ კერაში – საკვირაო სკოლაში,  მეტად სიმბოლური დასახელებით „ლამპარი“, ქართველი ემიგრანტების შვილებს შესაძლებლობა აქვთ ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია, ასევე ქართული სიმღერა თუ ცეკვა შეისწავლონ და ერთმანეთს ქართულად ელაპარაკონ.

ბევრმა შეიძლება არც იცოდეს (რადგან სიკეთის აფიშირება სიკეთის გულწრფელად მკეთებელ ადამიანს, ხშირად, არ უყვარს), რომ ამ უდიდესი საქმის სათავეებთან დგას ძალიან საინტერესო ირლანდიელი კაცი – დევიდ ლონერგანი, რომელიც ყველგანაა, სადაც რომელიმე ქართველს რაიმე გაუჭირდება. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ მართლმადიდებელი, მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარიც გახდა. ის დღეს მამა დავითია და მისი წირვა ქართული გალობის ფონზე ინგლისურ ენაზე ტარდება, რადგან ამ ტაძარში, ქართველების გარდა, დუბლინში მცხოვრები თუ ამ ქალაქში დროებით ჩამოსული  სხვა ეროვნების მართლმადიდებელი მრევლიც დადის. სწორედ ამიტომ, ამ ტაძარში დამკვიდრებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, „მამაო ჩვენო“ ყველა იმ ენაზე წარმოითქმის, რომელ ენაზე მეტყველი მართლმადიდებელიც წირვას ესწრება…

ინტერვიუს მამა დავითთან უძღვება ირლანდიაში მცხოვრები ქართველი სოფი ბიბილაშვილი:     

მამაო დავით, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ ერთი ფაქტით: ჩემთვის ცნობილია, რომ ივლისში თქვენ, როგორც მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარი, მონაწილეობდით ერთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება, ჩვენს მკითხველს ამის შესახებ უამბოთ….

დიახ, 2020 წლის 12 ივლისს დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, პირველად ირლანდიის ისტორიაში, ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამთავრობო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მიხარია, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში პირადად ჩემი და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი. ამ ღონისძიებაზე მე წარმოვადგენდი ირლანდიაში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი დღე იმიტომაც იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, ქართულ ენაზე მივსალმებოდი საზოგადოებას, რის შემდეგაც ირლანდიურ და ინგლისურ ენაზე წავიკითხე  შესაბამისი თავი სახარებიდან.

ღონისძიებაზე ვინ იყო მიწვეული?

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ირლანდიის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აგრეთვე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ეს ღონისძიება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ირლანდიის მთავარი სატელევიზიო არხით. ჩემთვის ძალიან გასახარია ის ფაქტი, რომ ირლანდიის მთავრობის მხრიდან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ამ მნიშვნელოვან სამთავრობო დონის ღონისძიებაში მონაწილეობის შეთავაზება და ჩართვა ქართული ეკლესიის დადებითმა რეპუტაციამ განაპირობა.

ოფიციალრად მიწვეულ მონაწილეთა სია

თქვენ ბრძანეთ, რომ ეს ღონისძიება ომებში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა, ამიტომ მაინტერესებს, რომელი ომები იგულისხმეთ, ან სად ჩატარდა ეს ღონისძიება?

ირლანდიაში, ძალიან დიდი ხანია, ყოველწლიურად აღინიშნება ხსოვნის ნაციონალური დღე, რომელიც ირლანდიის ისტორიაში ცნობილ სხვადასხვა ომში მონაწილე, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით მსახურების დროს დაღუპული ირლანდიელების ხსოვნას ეძღვნება. ეს დღე მას შემდეგ აღინიშნება, რაც ირლანდიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 1921 წელს ზავზე ხელმოწერით დასრულდა.

ირლანდია დამოუკიდებელ რესპუბლიკად ხომ 1919 წელს გამოცხადდა?

მართალი ბრძანდებით, მაგრამ ამის შემდეგ, 1921 წლამდე, საბოლოო მშვიდობა არ დამყარებულა მანამ, სანამ ზავს არ მოეწერა ხელი და სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ტრადიციად ირლანდიაში ხსოვნის დღის აღნიშვნა, რომლის დროსაც პატივს მიაგებენ ყველა ომში დაღუპულ ირლანდიელ გმირებს.

ფოტო ირლანდიის ეროვნული ტელევიზიის რეპორტაჟიდან

ეს ცერემონია, ტრადიციულად, დუბლინში, კილმეინემის სამეფო ჰოსპიტალში ტარდება და მასში, ასევე ტრადიციულად, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი სამღვდელო პირები მონაწილეობენ. როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ წელს, პირველად ამ დღის ისტორიაში, მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენდა დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც მე ვმოღვაწეობ და ამიტომ ღონისძიებაზე გამოსვლის პატივი მე მხვდა წილად…

ფოტო ირლანდიის ეროვნული ტელევიზიის რეპორტაჟიდან

როგორი იყო და როგორ მივიდა თქვენი გზა მართლმადიდებლობამდე?

ძალიან მოკლედ თუ ვიტყვი, ირლანდიელი კაცი ვარ – დევიდ ლონერგანი, რომელიც არა მხოლოდ მართლმადიდებელი გახდა, გაქართველდა კიდეც და დღეც მამა დავითი ვარ (იცინის).

ეს ამბავი ვრცლად ძალიან საინტერესო იქნება…

ამ კითხვაზე სრული პასუხის გასაცემად აჯობებს ფიქრით და მსჯელობით ჩემი ცხოვრების ეპიზოდებს ქრონოლოგიურად უკან-უკან გავყვე და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად გავაანალიზო. ხოლო ვიდრე საკუთარ წარსულში ვიმოგზაურებდე, პირველად ბოლოდროინდელ ამბავს შევეხები, თან აქვე გეტყვით, რომ კათოლიკე ქრისტიანი ვიყავი… ჩემი ცხოვრება სამუდამოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ირლანდიაში მცხოვრები ქართველები გავიცანი და მსოფლიოში განთქმულმა მათმა უდიდესმა სტუმართმოყვარეობამ მეც მიმიღო, მიცნო და მცნო, როგორც მოყვასი…

„ვინ ვარ, რა ვარ და საით მივდივარ“, – ამ კითხვებს ყველა ვუსვამთ საკუთარ თავს ჩვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი – კრიზისის ან იმ დიდი დანაკლისის დროს, რომელიც ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. ტაძარში მოღვაწეობის პარალელურად, განათლების სამინისტროში ვმუშაობ. ჩემი მუშაობის პროფილი განათლების სფეროში მსუბუქი თუ მძიმე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება და მათზე ზრუნვაა. მიყვარს ჩემი სამუშაო, ამიტომ მაქსიმალური ენთუზიაზმითა და სიხარულით ვაგრძელებდი სამსახურს იმ დროსაც,  როცა COVID 19-მა ირლანდიასაც დაარტყა. სხვა სამსახურების მსგავსად, ჩემი სამსახურიც, პანდემიის გამო, დროებით დაიხურა, რამაც დრო და საშუალება მომცა, 2020 წლის თებერვალში მოხალისე კაპელანად წავსულიყავი.

კაპელანი რას ნიშნავს?

კაპელანი არის სამღვდელო პირი, რომელიც მსახურობს საავადმყოფოში, ჯარში, საპატიმროში ან კოლეჯში. მოკლედ, მე დავიწყე საავადმყოფოებში იმ განწირულ ადამიანებთან მისვლა და აქტიური კონტაქტი, რომლებიც ვირუსის გამო იღუპებოდნენ. გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ სწორედ ეს იყო ის ადგილი, სადაც სამღვდელო პირს ასეთ დროს უნდა ემსახურა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ადამიანი დაავადებული და სასიკვდილოდ გადადებული ხალხისთვის იმ დიდი გაჭირვების ჟამს სწორედ სამღვდელო პირი იქნებოდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმიტომაც იყო, რომ დაავადებული ხალხთან ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ და მარტოობაში სიკვდილი უპირობოდ მძიმე იქნებოდა მათთვის.

თავიდან არ მქონდა რეალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რაში ვიყავი ჩართული და დღევანდელი გადასახედიდან, ვერც ვხვდებოდი, თუ როგორ გარდაქმნიდა ეს გამოცდილება ჩემს პირად ცხოვრებას, ჩემს ხედვას და როლს უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს, მიმართ მსახურებაში. დაბადებიდან ყველამ ვიცით, რომ ოდესმე გარდავიცვლებით და ასეთ დროს მომაკვდავი ადამიანის განცდას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი ძალიან ახლობელია სიკვდილის სარეცელზე.  ასეთ დროს მღვდელი ვალდებულია,  ჩაატაროს დაკრძალვის მსახურებები და ცერემონიალები, მაგრამ იგივე მღვდელი იშვიათად თუ აღმოჩნდება ხოლმე ადამიანების გვერდით, როდესაც ისინი კვდებიან…

არ გეშინოდათ, რომ თავადაც დაავადდებოდით?

პირველი, რასაც მაშინვე მივხვდი, ის იყო, რომ საშინლად ვგრძნობდი თავს ვირუსთან პირისპირ შეხვედრით. თავად ვირუსის და ამის გამო ჩემი სიკვდილის არ მეშინოდა. მე, როგორც მოკვდავი ადამიანი, ვშიშობდი, რომ თუ ავად გავხდებოდი, ვეღარ ვნახავდი ჩემს ოჯახს და შვილიშვილებს, რაც ძალიან მაღელვებდა. ჩემი ოჯახის წევრები სახლიდან გამოსვლისას ისე მემშვიდობებოდნენ, პირდაპირ და აშკარად იგრძნობოდა მთელი სიმძიმე იმ ფაქტისა, რომ ვეღარასოდეს შევხვდებოდით…

რამდენ ხანს იმსახურეთ კაპელანად?

3 თვეზე მეტი ვიყავი ძალიან მძიმე ავადმყოფების გვერდით… ამ ხალხმა იცოდა, რომ აუცილებლად გარდაიცვლებოდნენ, მე კი ვიჯექი მათთან ხელიხელჩაკიდებული, ვისმენდი მათ ნაამბობ ცხოვრებისეულ ისტორიებს, მათ შიშებს და მძიმე მოლოდინებს, მათ სინანულს, მოგონებებს, სიხარულს… მოკლედ, ბოლომდე ვიზიარებდი ყველა ემოციას, რაც კი შეგიძლიათ ასეთი სიტუაციის დროს წარმოიდგინოთ. ამავდროულად, მე ვიყავი დამაკავშირებელი დაავადებულ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის და მე ვიყავი ის ადამიანიც, ვინც ცუდ ამბავს ანუ ოჯახის წევრის გარდაცვალებას აცნობებდა ოჯახებს…

უმძიმესი მისიაა, თუმცა საინტერესო კიდევ ის არის, რომ, როგორც ვიცი, თქვენ ამ საშიშ ვირუსთან პირისპირ ყოფნის მიუხედავად, სრულიად ჯანმრთელი გამოხვედით ბრძოლის ამ ველიდან და ასეთ მძიმე რეალობასაც გაუძელით…

არ ვარ ახალგაზრდა კაცი, ამიტომ ფიზიკურად ეს ადვილად გადასატანი ნამდვილად არ აღმოჩნდა. უძილობამ და მუდმივმა სტრესმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემზე იმისდა მიუხედავად, რომ სრულიად თავდადებული და მოტივირებული ვიყავი, ამ ადამიანების დასახმარებლად ღვთის სახელით მემსახურა. აბსოლუტურად დარწმუნებული გახლდით, რომ ღმერთი აუცილებლად დამიცავდა, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და ვაღიარებ, რომ სახლიდან გარეთ გასვლისას ძალიან მეშინოდა…

როდესაც ეს ყველაფერი დასრულდა, რა გრძნობა დაგეუფლათ?

მაისში, ათკვირიანი შეუწყვეტელი მსახურების შემდეგ, სახლში დაახლოებით დილის 7 საათზე მივედი. მთელი ღამის ნამუშევარი, ლოგინზე ჩამოვჯექი და უეცრად გულიანად ავტირდი. თავი ისე ვიგრძენი, როგორც ალბათ ცარიელი ჭურჭელი გრძნობს… მივხვდი, რომ ნამდვილად ამოწურული მქონდა ჩემი მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობების ლიმიტი, ამიტომ ღმერთს ვთხოვე დახმარება და მხოლოდ ამის შემდეგ, როგორღაც, ჩამეძინა.

შემდეგი ოთხი კვირა ისეთ ძალიან დიდ სიმშვიდეში გავატარე, როგორიც არასოდეს გამომიცდია და ბოლოს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ადამიანური შიშებიც უკვალოდ გაქრა. სამაგიეროდ, ენითაუწერელი სიხარული ვიგრძენი ჩემი ხელდასხმულობის გამო და აშკარად დავინახე ჩემი ცხოვრების წესში ღმერთის ხელი, რომელიც ყოველთვის და მუდმივად წინაც მიმიძღოდა გზის მანათობლად და უკანაც მომყვებოდა საშველად იმ დროს, როცა არასწორ გზას დავადგებოდი. მოკლედ, აშკარად ვიგრძენი ღვთისგან ჩემზე გადმოსული იმ დიდი დალოცვის მადლი, რამაც თავის დროზეც მომცა ძალა, ირლანდიაში ქართველ მრევლსა და თემს მოვმსახურებოდი. მე სწორედ უფალი გამიძღვა მართლმადიდებლობისკენ და მანვე მიმანიშნა, რომ ქართულ ეკლესიაში საჭირო ვიყავი…

მამა დავით ლონერგანი დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მართლმადიდებლურ  ეკლესიაში მსახურებას ატარებს

როგორ აღმოაჩინეთ, რომ მართლმადიდებელი უნდა გამხდარიყავით და ქართულ ტაძარში უნდა გემსახურათ?

ამას დავარქმევდი ჩემს სასწაულებრივ მოგზაურობას საქართველოს ეკლესიის წიაღში და ეს ამბავი ასე დაიწყო: ახალგაზრდობიდანვე ყოველთვის მჯეროდა და ვგრძნობდი, რომ ღმერთს სურდა, მემსახურა როგორც მღვდელს, მაგრამ ვერასდროს წარმომედგინა, როგორ მოხდებოდა ეს.

ალბინოსი ვარ ანუ დაბადებიდან თეთრი თმა და და ცუდი მხედველობა მაქვს. ჩემი ახალგაზრდობისას, ვისაც ცუდი მხედველობა ჰქონდა, არ მოეთხოვებოდა სახელმწიფო გამოცდების ჩაბარება, ხოლო  იმისათვის, რომ მღვდლად გემსახურა, აუცილებლად იყო საჭირო უმაღლესი განათლება. მხოლოდ ოცდაათი წლის ასაკში დავიწყე სწავლა კოლეჯში და მინდოდა,  ფილოსოფია და თეოლოგია შემესწავლა, თუმცა იმ დროს წარმოდგენაც კი არ მქონდა, სადამდე მიმიყვანდა ეს გზა. ამავდროულად, აუცილებელი იყო მემუშავა, რათა შემძლებოდა სწავლის საფასურის გადახდა. ასევე, ჩემთვის აუცილებელი იყო, წიგნების საკითხავად გამომეყენებინა გამადიდებელი ლინზა, რადგან სხვაგვარად კითხვა ჩემთვის შეუძლებელი იყო.

სწორედ ამ პერიოდში პირველად ვიგრძენი აშკარად ღმერთის ხელი და დახმარება… ერთ-ერთი ლექციის დროს კი, ლექტორმა, რომელიც კათოლიკე მღვდელი გახლდათ, შენიშნა, რომ მქონდა „ძალიან მართლმადიდებლური ხედვა“ და მკითხა, ვყოფილვარ თუ არა ოდესმე მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე. ამ შეკითხვამ დიდი ინტერესი გამიჩინა მართლმადიდებლობის მიმართ და მომდევნო კვირასვე წავედი დუბლინის უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სწორედ იქ შევხვდი ირლანდიელ მღვდელს, რომელიც ეკლესიის წინამძღვარი იყო და 40 წლის წინ იყო მონათლული მართლმადიდებელად. ამ ღვთისმსახურებაზე დასწრების შემდეგ გადავწყვიტე, მეც დაუყოვნებლივ მოვნათლულიყავი მართლმადიდებლური წესით და მას შემდეგ უკან აღარც გამიხედავს,  რადგან მე ჩემი სახლი ვიპოვე.

ამავდროულად, გავაგრძელე სასულიერო განათლების მიღება, რადგან სრული და ზუსტი წარმოდგენა ჯერ კიდევ არ მქონდა, საით მივყავდი ღმერთს. ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი მღვდლად მაკურთხა მიტროპოლიტმა კალისტოზ ვეირმა ანტიოქიის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ამის შემდეგ კი ღმერთმა კიდევ ერთხელ გადმომხედა და რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმავლინა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

დღეს რა განცდით და გრძნობთ, შეგიძლიათ ამ მომენტის გახსენება?

როცა პირველად ქართულ ეკლესიაში შევედი, უკვე მქონდა განცდა, რომ სამოთხეში მოვხვდი და ამას არ ვაჭარბებ, რადგან ასეთ გარემოს და ასეთ მრევლს იშვიათად შეხვდებით!

მაინც, რატომ ფიქრობთ ასე?

მინდა ყველამ იცოდეს, რომ თავად ქართველებმა დაიწყეს და გააკეთეს ის უდიდესი საქმე, რასაც დღეს დუბლინის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჰქვია. უბრალოდ – ერთად შეიკრიბნენ და მოითხოვეს მღვდელი! ქართველები საოცარი ხალხია, მაგრამ განსაკუთრებით ძლიერები და ღვთივკურთხეულები  არიან ქართველი ქალები! თვალნათლივ ვხედავდი, როგორ გადმოვიდა ამ ხალხზე დიდი მადლი და კურთხევა, რომ უნდა დაარსებულიყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მას მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა და ასეც მოხდა!

როგორც ვიცი, ქართულ ტაძარს შესანიშნავი მგალობლებიც ჰყავს…

ზოგადად, ქართულ მუსიკაში – სიმღერაშიც და და გალობაშიც, ზეციური ანგელოზების ხმა ისმის! ეს ხმა ერთხელ რომ გავიგონე, მას შემდეგ ქართული გალობისა და, ზოგადად, ქართული მუსიკის მიმართაც განსაკუთრებული გრძნობა დღემდე მომყვება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ ქართული გალობის წყალობითაცაა ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა ძალიან ამაღელვებელი.

როდესაც ამ მრევლთან მსახურება დავიწყე, ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ირლანდიაში ყველაზე იღბლიანი მღვდელი ვიყავი, რადგან მყავდა ასეთი საოცარი მრევლი. მათი სტუმართმოყვარეობის კულტურის და რელიგიური ერთგულების დამსახურებით, კონტაქტი მრევლის თითოეულ წევრთანარასოდეს გამჭირვებია. დღეს ჩვენი ეკლესია აერთიანებს ირლანდიაში მცხოვრებ ყველა ქართველს, ამ ტაძარში მათ შეუძლიათ იპოვონ სულიერი თავშესაფარი, შეხვდნენ ერთმანეთს, გაუზიარონ რჩევები და გამოცდილება. მეც, როგორც ამ ტაძრის წინამძღვარი, ყოველთვის იქ ვარ – მათ გვერდით, ბოლომდე ვიზიარებ მათ წუხილსაც, ბედნიერებასაც და ყოველთვის მზად ვარ, უანგაროდ ვემსახურო…

ირლანდიელი ბრძანდებით და ასე კარგად იცნობთ ქართველებსაც, ამიტომ მინდა გკითხოთ: მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ეს ორი ხალხი ერთმანეთს ჰგავს?

ქართველები ტემპერამენტით მართლაც ძალიან ჰგვანან ირლანდიელებს მაგრამ, ამას გარდა, ჩვენ მსგავსი ისტორიული წარსულიც გვაქვს – ჩვენ ერთნაირად ვართ დაზარალებულები ჩვენზე მრავალრიცხოვანი ერებისგან. ჩვენ – ორივე ერი – ჩვენმა გამძლეობამ გადაგვარჩინა და მჯერა, რომ სწორედ ეს გამძლეობა კიდევ მრავალ იმ განსაცდელს გადაგვატანინებს, რასაც სამყარო მოგვივლენს!

გადარჩენისა და განვითარების გზაზე რწმენას უდიდესი ფუნქცია აქვს. იყო დრო, როდესაც ირლანდიაც განვითარდა რწმენით, რომელიც ამ ქვეყანას და ამ ერს ღვთის მადლით მიეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, ირლანდიის ეკლესიამ დაკარგა ჭეშმარიტი გზა და ამიტომ ამ ეკლესიის წიაღში ხალხის მსახურებას „ხალხის ესქპლუატაცია“ ჩაენაცვლა. ქართული ეკლესია, რომელიც მე ასე შემიყვარდა, ვშიშობ, რომ უახლოვდება იმ წერტილს, სადაც ამ ეკლესიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია თვითგანწმენდა მანამ, სანამ ეს ეკლესიაც „აფეთქდება“, რადგან თვითგანწმენდის გარეშე თავის ჭეშმარიტ გზას და ფუნქციას ნებისმიერი ეკლესია დაკარგავს. ეკლესია უნდა იყოს ღვთის სიყვარულით და მადლით სავსე ადგილი, სადაც ადამიანი იგრძნობს, რომ არის ერთადერთი და განუმეორებელი ინდივიდი, ამდენად, ის განსაკუთრებულად სათუთად მისაღები და მოსაპყრობია. ეკლესია უნდა იყოს საკუთარი ხალხის უანგაროდ მსახურების მაგალითი. ხალხმა სასულიერო პირების მაგალითზე უნდა დაინახოს სიყვარული და სულიერება. მღვდელი და, მით უფრო, მაღალი იერარქიის სამღვდელო პირი, ყოველთვის და ყველასთვის კეთილმოსურნე და საიმედო უნდა იყოს ჭირშიც და ლხინშიც.

ჩვენ, სასულიერო პირებს, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ არ ვართ წმინდანები და ხანდახან ჩვენც გვეშლება. მე ყოველთვის მითქვამს, ვამბობ და ვიტყვი, რომ ხალხს შეცდომების პატიებაც შეუძლია, თუკი ხედავს, რომ ცდილობ, გახდე უკეთესი. ასეთ დროს ხალხი ცოდვილის გვერდით მის მხარდასაჭერად აუცილებლად დადგება სწორედ ისე, როგორც იესო იდგა და დგას ცოდვილთა შემწყნარებლად! ფარისევლობას კი ხალხი ძნელად პატიობს, მით უფრო – სამღვდელო პირებს, ვინც აშკარად ძალაუფლებისკენ ილტვის და თან „ხალხის ჯიბისკენ მიიწევს“.

მამა დავით ლონერგანი მამა მალხაზ კუმელაშვილთან ერთად

საინტერესოა, გქონიათ შეხვედრა მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან?

პირველად მის უწმინდესობას შვხვდი, როდესაც ლონდონში ქართული ტაძარი აკურთხეს და ამ შეხვერდამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა: ფიზიკური სისუსტის მიუხედავად, უწმინდესი მთელი მსახურება ისეთი დიდი ერთგულებით იდგა ფეხზე, რომ რეალურად ვგრძნობდი ქრისტეს ჩვენთან ერთად ყოფნას! რამდენიმე წლის შემდეგ მეუფე ზენონმა მიმიყვანა თბილისში, საპატრიარქოში, უწმინდესთან შესახვედრად და სწორედ მაშინ მივიღე მისი დალოცვა. ეს დიდი დღე, რომელმაც მონაზონთა საოცარი გალობის ფონზე ჩაიარა, არასოდეს დამავიწყდება!

ორიოდე სიტყვა გვითხარით ქართული კულტურის იმ კერაზეც, რომელიც თქვენი უშუალო ხელშეწყობით ფუნქციონირებს…

საკვირაო სკოლა „ლამპარი“ ქართული კულტურის ნამდვილი ცენტრი და ჩვენი სამრევლოს განუყოფელი ნაწილია. მიხარია, რომ აქ ქართული წერა-კითხვის სასწავლად მოდიან ემიგრაციაში დაბადებულ-გაზრდილი  ქართველი ბავშვები და ჩვენი მიზანია, ამ ბავშვების ცნობიერებაში  საფუძველი ჩაეყაროს ქართულ სარწმუნოებრივ და კულტურულ ტრადიციებს.

2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობისას დაღუპული ადამიანების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე ირლანდიის პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი და მისი მეუღლე, სარა ჰიგინსიც მივიდნენ

გვაქვს ქართული ცეკვის სტუდიაც, სადაც ღვთისმსახურების შემდეგ სწავლობენ ბავშვები. ჩვენი ტაძრის საეკლესიო გუნდთან ერთად, ასევე, არსებობს ბავშვთა გუნდიც, რომელიც ქართულ სიმღერებს სწავლობს და დიდი ოსტატობით ასრულებს.  ამ გუნდს არაერთი ძალიან წარმატებული გამოსვლა ჰქონდა და ამ ბავშვებმა თავიანთი წვლილი ნამდვილად შეიტანეს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში როგორც ირლანდიაში, ისე  მის ფარგლებს გარეთ. მაგალითისთვის მინდა გავიხსენო 2014 წელი, როდესაც პირადად ჩემი ინიციატივით, დავიწყე აქტიური მუშაობა და, საბოლოოდ, დავარწმუნე საქართველოს მთავრობაც და დუბლინის პორტის ხელმძღვანელობაც, რომ  ტრადიციულ ფესტივალზე „Riverfest 2014“ თემა და მონაწილე აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქართველო. ამ საქმესთან დაკავშირებით „Riverfest“-ის ორგანიზატორებმა სამჯერ მიმავლინეს საქართველოში და ბოლოს, ფესტივალის ქართველ მონაწილეებთან ერთად, დუბლინში ფესტივალზე დასასწრებად ქართველი მინისტრიც გვეწვია.

ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ამავე ფესტივალზე გამოვიდნენ ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებიც, რომლებმაც დიდი წარმატებით წარმოადგინეს საცეკვაო და სასიმღერო ნომრები. ეს უდიდესი საქმე იყო ევროპაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში.

მოკლედ, ქართული საკვირაო სკოლა „ლამპარი“ ძალიან პოპულარულია ეთნიკურად ქართველ ბავშვებში,  ჩემთვის კი, როგორც ქართული ეკლესიის წინამძღვარისთვის, ძალიან საპატიო მისიაა, ვიყო მათი მფარველი და საჭირო დახმარება გავუწიო ამ უდიდეს საქმეს. მიმაჩნია, რომ სწორედ ქართული ეკლესია უნდა იყოს ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანებისთვის ის საყრდენი, რომლის დახმარებითაც ისინი დიდ ურთიერთსიყვარულამდე და გულწრფელ ღვთისმსახურებამდე მივლენ. ეკლესია ღვთიური ნათელივით გზას უნდა უნათებდეს ამ დიდ ერს, დიდ ხალხს, რომელიც მუდმივად, ყველგან ავლენს თავის საოცარ მასპინძლობას, ძალასა და ეროვნულ თვისებებს…

დღეს, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ვცდილობ, გავარკვიო, მაინც საით მივდივარ, ყველაზე ნამდვილად და უტყუარად ის  ვიცი, რომ სიკვდილამდე უნდა ვემსახურო ქართველ ხალხს… როცა ჩვენი საეკლესიო გუნდის გალობა და განსაკუთრებით – ღვთისმშობლის სადიდებელი მესმის, ჩემი სული სამოთხემდე მაღლდება და საკუთარ თავს ვეკითხები: რომელ ერს აქვს მსოფლიოში ისეთი სიმღერა და გალობა, რომელსაც სულის ასეთი ამაღლება შეუძლია?

და როგორია პასუხი ამ კითხვაზე?

პასუხი ერთადერთია: ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა – ღმერთის სამეფო დედამიწაზე!

მამა დავით ლონერგანი მამა მალხაზ კუმელაშვილთან ერთად

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close