მსოფლიოპოლიტიკა

საბერძნეთ-თურქეთის ხუთი ფრონტი (მიმოხილვა)

გერმანული გამოცემაბილდისინფორმაციით, 21 ივლისს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საბერძნეთსა და თურქეთს შორის სამხედრო კონფრონტაცია აღკვეთა. რამდენადაც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი კონფლიქტის შესახებ, მოდით, მიმოვიხილოთ ის გეოგრაფიული არეალები, სადაც შესაძლოა სამხედრო ოპერაციების წარმოება, ასევე ამოცანები, რომლებიც მხარეებმა კონფლიქტის პირობებში შეიძლება დაისახონ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს მხოლოდ თეორიული მიმოხილვაა და არ აქვს პირდაპირი კავშირი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან.

საბერძნეთსა და თურქეთს შორის საზღვარი, გეოგრაფიული თავისებურებებისა და სამხედრო მნიშვნელობის გათვალისწინებით ხუთ პირობით ნაწილად შეგვიძლია დავყოთ. მივყვეთ თანმიმდევრულად:

1. სახმელეთო საზღვარი მდინარე ევროსზე: ორ ქვეყანას ერთმანეთთან შედარებით პატარა სახმელეთო საზღვარი აქვს. რამდენადაც არცერთ მხარეს რაიმე მნიშვნელოვანი ბუნებრივი წინაღობა არ არსებობს, ორივე ქვეყანა ამ რეგიონში თავს დაუცველად გრძნობს. შესაბამისად, იქ კონცეტრირებულია მათი სახმელეთო ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილი. საკმარისია აღინიშნოს, რომ, ღია წყაროების მიხედვით, ბერძნებს დაახლოებით 1300 ტანკი, 3400 ჯავშანმანქანა და 1100 საარტილერიო დანადგარი აქვთ. თურქების სახმელეთო ჯარები კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება: 2400 ტანკი, 7900 ჯავშანმანქანა და 2500 საარტილერიო დანადგარი. ამ მძლავრი სამხედრო ტექნიკის, ასევე, სხვა მრისხანე იარაღის დიდი ნაწილი სწორედ მდინარე ევროსის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს არის განთავსებული. გასათვალისწინებელია, რომ საბერძნეთის სიდიდით მეორე და თურქეთის უდიდესი ქალაქები (თესალონიკი და სტამბოლი) საზღვრიდან თითქმის თანაბარი მანძილით, დაახლოებით 400 კმ-ით არის დაშორებული, რაც ევროსის ფრონტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

საბერძნეთ-თურქეთის საზღვარი მდინარე ევროსზე და კუნძულები: იმბროსი და ტენედოსი

2. კუნძულები – იმვროსი (იმბროსი) და ტენედოსი: აღნიშნული კუნძულები, ეგეოსის ზღვის სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, თურქეთს ეკუთვნის. იმვროსი და ტენედოსი დარდანელის სრუტეში სტრატეგიული მნიშვნელობის შესასვლელს იცავენ.

3. ეგეოსის ზღვის ბერძნული კუნძულები: ეგეოსის ზღვაში საბერძნეთი რამდენიმე ათეულ დიდ და პატარა კუნძულს ფლობს. აღნიშნული არქიპელაგი საიმედოდ იცავს საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილს თურქეთის შესაძლო აგრესიისგან. ამას გარდა, კუნძულებზე ყოველთვის ბევრი უცხოელი ტურისტია, ძირითადად, ევროპელები, რაც თურქეთს მოულოდნელი სადესანტო ოპერაციის განხორციელების საშუალებას უზღუდავს: თუკი რომელიმე ტურისტი თურქული სამხედრო მოქმედებების მსხვერპლი გახდა, ეს ქვეყნის პრესტიჟს ძლიერ დააზიანებს და ევროპულ სახელმწიფოთა ნეგატიურ განწყობილებას გაზრდის, თუმცა რამდენადაც კუნძულების უმრავლესობა თურქეთის სანაპიროსთან ახლოსაა განლაგებული, თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელობას სამიზნის არჩევის დიდი შესაძლებლობა აქვს. საბერძნეთს გაუჭირდება ყველა კუნძულის დაცვა. ამას გარდა, კორონავირუსის გამო ამჟამად ეგეოსის ბერძნულ კუნძულებზე ტურისტების რაოდენობა მინიმალურია.

ბერძნული კუნძულები ეგეოსის ზღვაში

4. კუნძული კასტელორიზო: ეს პატარა კუნძული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და საბერძნეთს მოცილებულია. კასტელორიზოდან უახლოეს დიდ ბერძნულ კუნძულამდე, როდოსამდე 125 კმ-ია, ხოლო ათენამდე – 570 კმ. სამაგიეროდ იქვე, 2 კმ-ში არის თურქეთის სანაპირო. ამას გარდა, საბერძნეთი მიიჩნევს, რომ კასტელორიზოს სამხრეთით მდებარე საზღვაო სივრცე ბერძნული განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ნაწილია. აღნიშნული დებულება საბერძნეთს საშუალებას აძლევს, კუნძულ კრეტიდან კვიპროსამდე არსებული საზღვაო სივრცის სიღრმეში არსებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოების ექსპლუატაციის უფლება მოითხოვოს.

კუნძული კასტელორიზო

თურქეთი მიიჩნევს, რომ პატარა კუნძული ვერ შეზღუდავს მის უფლებებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. დღეს ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა სწორედ აღნიშნულ რეგიონში ვითარდება. „ბილდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კასტელორიზოსთან გამწვავებული ვითარება განმუხტა გერმანიის კანცლერმა რამდენიმე დღის წინათ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეგეოსის კუნძულებისგან განსხვავებით კასტელორიზოზე ტურისტების რაოდენობა უმნიშვნელოა.

5. კვიპროსი: 1974 წელს თურქეთმა კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა. დღეს იქ მძლავრი თურქული სამხედრო შენაერთები დგას. 46 წლის წინათ საბერძნეთმა ვერ დაიცვა კვიპროსი. დღეს ეს კიდევ უფრო რთული იქნება. ამავე დროს, კვიპროსი ცალკე სახელმწიფოა და საბერძნეთ-თურქეთის კონფლიქტი მას უშუალოდ არ ეხება. ამდენად, თურქეთისთვის შედარებით ძნელი იქნება მასში კვიპროსის უშუალოდ ჩართვა.

კვიპროსი

დასკვნის სახით შესაძლებელია რამდენიმე მოსაზრების გამოთქმა:

1. კონფლიქტის შემთხვევაში თურქეთს შეუძლია ეგეოსის ზღვაში ერთი ან რამდენიმე კუძულის ოკუპაცია, რაც მას სამშვიდობო მოლაპარაკებისას უპირატესობას მიანიჭებს.

2. განსაკუთრებით დაუცველია კუნძული კასტელორიზო. ამას გარდა, მას განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საბერძნეთს მისი დაცვისთვის მცირე რესურსს ფლობს. კუნძულისათვის ბრძოლაში აუცილებელი გახდება კვიპროსის ტერიტორიის გამოყენება, რაც მას თურქეთის სამიზნედ აქცევს. კვიპროსელებს უკან დასახევი არ აქვთ: სამხრეთით მხოლოდ ზღვაა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საბერძნეთის პოზიციები ძალიან სუსტია.

3. ბერძენი სამხედრო თეორეტიკოსი პანაიოტის კონდილისი თავის წიგნში „ომის თეორია“ აღნიშნავს, რომ ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში საკუთარი სამხედრო სისუსტე საბერძნეთმა მდინარე ევროსის მიმართულებით უნდა დააბალანსოს. ასევე, ომის შემთხვევაში, უნდა განახორციელოს სადესანტო ოპერაცია იმვროსსა და ტენედოსზე. აღნიშნულ მიმართულებებზე ორივე მხარეს მნიშვნელოვანი სამხედრო შენაერთები ჰყავთ მობილიზებული და წარმატება დამოკიდებულია მოულოდნელობის ეფექტის შექმნის უნარზე.

საბერძნეთ-თურქეთის ურთიერთობები ხშირად გართულებულა მე-20 საუკუნის მანძილზე, მაგრამ, საბედნიეროდ, ღია კონფლიქტამდე ჯერ საქმე არ მისულა. იმედია, ამჯერადაც მოხერხდება კომპრომისის გამოძებნა. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე მშვიდობის შენარჩუნებას აშშ-ის ჩარევა უზრუნველყოფდა. ამჟამად აშშ კონცეტრირებულია ჩინეთზე და, ფაქტობრივად, გასულია რეგიონიდან. თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში წარმოშობილი ძალის ვაკუუმი შეავსოს და რეგიონის ნავთობისა და გაზის საბადოებზე საკუთარი კონტროლი დააწესოს, რაც მას უფრო აგრესიულს ხდის.

საგულისხმოა, რომ გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს უთხრა, რომ თუკი თურქეთი საბერძნეთის კონტინენტურ შელფში ნავთობის ბურღვის სამუშაოებს დაიწყებს, ომი ორ ქვეყანას შორის გარდაუვალი იქნება. საპასუხოდ ტრამპს ლაკონური კითხვა დაუსვამს: „და თუ წააგებთ, მაშინ?“

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close