fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთში აცხადებენ, რომ შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

ესპანეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. ამჟამად ქვეყანაში ინფექციური დაავადების 280 აქტიური კლასტერია აღრიცხული. ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ეს შესაძლოა იყოს მეორე ტალღა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, თვალი ვადევნოთ მოვლენების განვითარებას, დავადგინოთ რა ზომების მიღებაა აუცილებელი და ეს ზომები დროულად მივიღოთ“, – განაცხადეს ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ბოლო სამ კვირაში ვირუსის გავრცელების ტემპმა სამჯერ მოიმატა, რაც ნიშნავს, რომ „ვირუსის ტალღა აღმავალია“.

ბოლო 14 დღეში მხოლოდ კატალონიაში კოვიდ-19-ის 8000 შემთხვევა აღრიცხეს. ამის გამო კატალონიის ჯანდაცვის მინისტრმა ბარსელონაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა , საჭიროების გარეშე სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

მადრიდში ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ მოქალაქეთა ერთად შეკრებაზე შეზღუდვის დაწესება კვლავ განიხილება.

საფრანგეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, კატალონიაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზად ესპანეთის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა სახელდება.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის თქმით, მთავრობა უახლოეს ხანში გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს ქვეყნის საზღვრებზე, ხოლო 16 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წინ ვირუსზე  ტესტის ჩატარება სავალდებულო იქნება.

ე.წ. წითელ სიაში არიან: აშშ, ალჟირი, მაროკო, სერბეთი, მონტენეგრო, თურქეთი, ისრაელი, ყატარი, ინდოეთი, მექსიკა, ბრაზილია და ჩილე. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ტესტის გაკეთება აეროპორტშივე მოუწევთ.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close