fbpx
ეკონომიკასაქართველო

რუსთავში „ლივერპულისთვის“, „ჩელსისა“ და „ბორუსიასთვის“ სპორტულ ტანსაცმელს შეკერავენ

ტექსტილის საწარმოში, რომლის აშენებაც კომპანია „აჭარა ტექსტილმა“ რუსთავში დაიწყო, წამყვანი ევროპული საფეხბურთო კლუბებისთვის სპორტულ ტანსაცმელს შეკერავენ.

„აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა გია ლომინაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ინგლისის „ლივერპულისთვის”, „ჩელსისთვის“, ასევე, გერმანიის ქალაქ დორტმუნდის „ბორუსიასთვის“, ხორვატიისა და პოლონეთის სანაკრებო გუნდებისთვის რუსთავში შეიკერება ცნობილი ბრენდების სპორტული ტანსაცმელი, მათ შორის, „ნაიკი“, „ადიდასი“ „პუმა“.

„ოქტომბრის ბოლოს დავიწყებთ პროდუქციის გამოშვებას. იმ დროისთვის 600-მდე ადამიანი გადამზადდება“, – თქვა ლომინაძემ. მისივე განმარტებით, დასაქმდებიან როგორც რუსთაველები, ისე გარდაბნელები, მარნეულელები, ახლომახლო სოფლების მცხოვრებნი და შესაძლოა თბილისელებიც.

„ყოველთვიურად 160 ადამიანს გადავამზადებთ აქვე, ძველ შენობაში, რომელიც სპეციალურად მოვაწყვეთ“, – განაცხადა გია ლომინაძემ.

რუსთავის ტექსტილის საწარმო მეოთხე იქნება, რომელსაც ქართულ-თურქული „აჭარა ტექსტილი“ ააშენებს. გია ლომინაძის თქმით, პირველ ეტაპზე 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ინვესტიციის საერთო მოცულობა იქნება 20 მილიონი ლარი.

მშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალი 14 ივლისს გაიმართა. მას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, დაესწრნენ.

პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close