იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიაში ქურდებმა მარტოხელა დედას მოპარული ფული უკან დაუბრუნეს

მძარცველებმა ავტოსადგომზე ერთ-ერთი მანქანის წინა სავარძლიდან ჩანთა გაიტაცეს, რომელშიც დოკუმენტებსა და სხვა პირად ნივთებთან ერთად კონვერტით 1600 ევრო იდო, თუმცა ნაძარცვი უკან დააბრუნეს ხელუხლებლად. შემთხვევა რივოლიში (კომუნა ტურინის გარეუბანში, პიემონტი) მოხდა. ამის შესახებ torinotoday წერს.

29 ივნისს საღამოს რივოლის პოლიციის განყოფილების საზაფხულო რაზმმა, რომელიც ქალაქის ქუჩებს და ტერიტორიას უწევდა მეთვალყურეობას, რივოლის „მწვანე ჯვრის“ თანამშრომლებთან ერთად ქალაქის გარეუბანში ნაცრისფერი ზურგჩანთა აღმოაჩინა.

პოლიციელები ზურგჩანთის მეპატრონეს დაუკავშირდნენ, რომელმაც ერთი კვირით ადრე განყოფილებაში განაცხადა, რომ რივოლის მანქანის სადგომზე გაძარცვეს – 2 თაღლითმა მოახერხა ქალის ყურადღების გადატანა და მისი ავტომანქანის წინა სავარძელზე დატოვებული ზურგჩანთა გაიტაცა. ზურგჩანთაში იყო დოკუმენტები და პირადი ნივთები, სახლის გასაღები და კონვერტი 1600 ევროთი.

ქურდებსაც აქვთ ზოგჯერ გული და სინდისი: როდესაც მათ კონვერტზე დედის, ვაჟიშვილის და კატის სახელები ამოიკითხეს, მიხვდნენ, რომ თანხა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის იყო შეგროვილი, ფულს ხელი არ ახლეს და ჩანთა პარკში მდელოზე დატოვეს, ხალხმრავალ ადგილას.

როგორც აღმოჩნდა, ზურგჩანთის პატრონი ახალგაზრდა ქალი თავის ვაჟიშვილსა და ხანდაზმულ ავადმყოფ დედასთან ერთად ცხოვრობს, ამჟამად კრიზისის გამო მას მძიმე პერიოდი აქვს და ეს თანხა – 1600 ევრო მეგობრებმა და ახლობლებმა შეუგროვეს.

„ჩვენ მძიმე პერიოდი გვაქვს. მე დედაც მყავს, რომელიც მზრუნველობას საჭიროებს“, – უთხრა მარტოხელა დედამ პოლიციელებს.

როდესაც ბიჭმა ეს ისტორია გაიგო, მადლიერების ნიშნად ნახატი დახატა: მასზე გამოსახულია პოლიციის ორი აგენტი – მამაკაცი და ქალი და მწვანე მარკერით აწერია: „გმადლობთ, რომ დედაჩემის ჩანთა იპოვეთ“. და კიდევ ერთი წარწერა:  „სახელმწიფო პოლიცია. ჩვენი გმირები“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close