მოგზაურობასაზოგადოებასაბერძნეთი

პირველ ივლისიდან საბერძნეთში ე. წ. „მესამე ქვეყნებიდან“ შემსვლელებს შერჩევითი ტესტირებები ჩაუტარდებათ

რატომ არიან შეშფოთებულები ბერძენი ეპიდემიოლოგები?

საბერძნეთი პირველი ივლისიდან თავის საზღვრებს ხსნის უცხოელი ტურისტებისთვის ევროკავშირის არაწევრი ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან.

ოთხშაბათიდან საერთაშორისო ტურისტების ჩაფრენა ქვეყნის ყველა აეროპორტში იქნება ნებადართული, ისევე როგორც საზღვარგარეთიდან გემების შესვლა საბერძნეთის პორტებში.

საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს დირექტივის შესაბამისად, ყველა მგზავრი, რომელიც საბერძნეთში შედის, თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ავსებს სპეციალურ ელექტრონულ ფორმას  (Passenger load factor) ინტერნეტშივე, ან ქაღალდღე ამობეჭდილს, თავისი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. ჩატარდება შერჩევითი ტესტები, ხოლო პროვინციების დედაქალაქებში გაიხსნება საკარანტინო სასტუმროები მათთვის, ვისი ტესტიც ვირუსზე დადებითი იქნება – ისინი იზოლაციაში 14 დღეს დაყოფენ ამ საკარანტინო სასტუმროებში.

ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იშვიათია და, უმეტესად, საბერძნეთის ჩრდილოეთში მდებარე ზოგიერთ რაიონში ფიქსირდება. მთლიანობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3 376 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 191 ადამიანი, აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 1811-ია, მათგან რეანიმაციულ ღონისძიებებს 10 პაციენტი საჭიროებს. ამასთან, ექსპერტები შეშფოთებულები არიან, რადგან EODY-ს (საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია) ინფორმაციით, 20-27 ივნისის პერიოდში დადასტურებული 132 ახალი შემთხვევიდან 1/3 ანუ 40-მდე შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა პრომახონასში, ბულგარეთის საზღვარზე, და აეროპორტებში (8 შემთხვევა), რეისებზე კონტროლის დროს.

ბერძენი ეპიდემიოლოგები დაბეჯითებით მოითხოვენ, ჩატარდეს ქვეყანაში ჩამომსვლელთა მიზნობრივი ტესტირება, რომელიც სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე იქნება დაფუძნებული. პროგრამა გააანალიზებს, რომელი ვიზიტორები არიან უფრო დიდი ალბათობით ვირუსის მატარებლები.

„მსგავსი ალგორითმი, საბოლოო ჯამში, შესაძლებლობას მოგვცემს, კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების უმეტესობა გამოვავლინოთ. … ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელთა შერჩევითი ტესტირებების რაოდენობა განისაზღვრება რისკის შესაბამისად, რომელიც უნდა შეფასდეს. მაგ., თუ აეროპორტ Eleftherios Venizelos-ში დღეში 1000 ტესტის ჩატარება იგეგემება, ისე უნდა ჩატარდეს, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს კორონავირუსზე დადებითი შემთხვევების გამოვლენის შესაძლებლობა“, – აცხადებს ექსპერტთა კომიტეტის წევრი, ეპიდემიოლოგი, დოცენტი დიმიტრის პარასკევისი.

რომელი აეროპორტები და პორტები „იხსნება“ პირველ ივლისს 

პირველი ივლისისთვის საზღვარგარეთიდან რეისების მისაღებად საბერძნეთის 27 აეროპორტი იხსნება: 20 დიდი აეროპორტი, მათ შორის, ირაკლიონი, ხანია, როდოსი და მიკონოსი, 7 კი – მცირე ზომის აეროპორტი იანინაში, სიტიაში, ლემნოსში, კიტირში, სკიროსში, პაროსსა და ხიოსზე. ოთხშაბათიდან პატრის და იღუმენიცის პორტები მიიღებენ გემებს იტალიიდან. ამავე დროს, გაიხსნება პორტები პირეოსში, როდოსში, კორფუში, ვოლოსსა და კატაკოლოში, თუმცა დაგეგმილ რეისებზე ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი.

პრომახონასის გარდა პირველი ივლისიდან გაიხსნება სასაზღვრო პუნქტი ევზონიში. ამ დროისთვის მოლაპარაკებები მიდის სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე კრისტალოპიგიში, ნემფაიოში, კასტანიში და კიპუსში. რაც შეეხება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს კავკავიაში (საბერძნეთის და ალბანეთის საზღვარზე), მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ხარდალიასმა 3 დღის წინ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მისი გახსნა არ იგეგმება.

როგორც ცნობილია, ევროკავშირში (მათ შორის, საბერძნეთში) შესვლის ნებართვა პირველი ივლისიდან აქვთ მოქალაქეებს 18 არაწევრი სახელმწიფოდან, მათ შორის, საქართველოდან:

სია ყოველ 2 კვირაში ერთხელ განახლდება და მასში ამა თუ იმ ქვეყანას იქ არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით შეიყვანენ.

რომელი ქვეყნებისთვის არის ჯერჯერობით დაკეტილი ევროკავშირი საბერძნეთი:

ბერძენი სპეციალისტების შეშფოთება სულაც არ არის საფუძველს მოკლებული: მსოფლიოში იზრდება კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი – ჯონს ჰოპკინისის უნივერსიტეტის სპეციალური რუკის მონაცემებით, SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ჩვენს პლანეტაზე 10 მილიონს გადააჭარბა (10 154 984), ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ – ნახევარ მილიონს (502 048).

ნინო ბაჯელიძე

წყარო:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close