fbpx
მსოფლიოპოლიტიკარას არ გაიგებ/ფაქტები

საფრანგეთის ყველაზე ხანდაზმული, 98 წლის მერი მეცხრედ იყრიდა კენჭს მუნიციპალურ არჩევნებში

მარსელ ბარტომე კიდევ 6 წელი აპირებდა კომუნის ხელმძღვანელობას, თუმცა მცირე სხვაობით დამარცხდა მოწინააღმდეგესთან

იგი იცნობდა სენტ-ეგზიუპერის, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგელობაში ბომბავდა ნაცისტურ გერმანიას, სამჯერ აქვს მიღებული ჯილდო – სამხედრო ჯვარი (Le Croix de guerre); იყო პროფესიული საფეხბურთი კლუბის პრეზიდენტი და ჟირონდის  დეპარტამენტში სენ-სერენ-სურ ლ’ილ-ის (Saint-Seurin-sur-l’Isle) კომუნას თითქმის 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მობილური ტელეფონის  და კომპიუტერის გარეშე. მისი სამაგალითო პიროვნება ნაპოლეონია, რომლის ბიუსტიც თავის სამუშაო მაგიდაზე უდევს…

98 წლის მარსელ ბარტომე (Marcel Berthomé) მეცხრედ იყრიდა კენჭს მერის არჩევნებში ჟირონდის დეპარტამენტის კომუნაში და წინასწარ აცხადებდა, რომ 100 წლის იუბილეს გადახდას მერის სავარძელში აპირებდა (გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 6 წლის განმავლობაში ექნებოდა მანდატი).

„ასაკი არაფერს წყვეტს. შეიძლება იყო ბრიყვი 20 წლის ასაკში და 98 წლისა – კარგ ფორმაში“ («L’âge n’y fait rien: on peut avoir 20 ans et être con, comme avoir 98 ans et être en forme»), – განაცხადა ბერტომემ მუნიციპალურ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენების კომენტირებისას, თუმცა მეცხრედ ქალაქის თავის სავარძლის დაკავება ვეღარ შეძლო – მისმა ყოფილმა მოდგილემ, მასზე 26 წლით უმცროსმა ეველინ ლავორ-კარდონამ სულ რაღაც 2%-ით მოუგო – 46% მიიღო, ბერტომემ კი – 44%.

კომუნის მოსახლეობა მთლიანობაში 3200-ია და საფრანგეთის ყველაზე ხანდაზმული მერის მმართველობისას ის 1,5-ჯერ გაიზარდა. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ბერტომე დიდ ყურადღებას უთმობდა პატრიოტულ აღზრდას და ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდიოდა.

საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები (მეორე ტური) კვირას, 28 ივნისს გაიმართა. მმართველმა პარტიამ „რესპუბლიკა მარშზე“ პანდემიის პირობებში ვერ შეძლო თავისი პოზიციების განმტკიცება, რადგან მისი პოლიტიკოსები ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემებით იყვნენ დაკავებულნი და, შედეგად, ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, პარიზში (წინასწარი შედეგებით, მოქმედი მერი ან იდალგო/Anne Hidalgo სოციალისტური პარტიიდან პოსტს შეინარჩუნებს) პარტიას წარუმატებლობა ელოდა. მხოლოდ ჰავრის (Le Havre) მერის არჩევნებში გაიმარჯვა მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა.

პრემიერს ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალურ განცხადება, რას აპირებს. იგი არჩევნებამდე აცხადებდა, რომ მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა დაეტოვებინა პრემიერის პოსტი, თუმცა ამ გადაწყვეტილებას პარტიის ლიდერსა და ქვეყნის პრეზიდენტს – ემანუელ მაკრონს უტოვებს, ამასთან, ედუარდ ფილიპმა მიანიშნა, რომ მზადაა, გააგრძელოს მთავრობის მეთაურის უფლებამოსილება და ჰავრში კი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და თავისი წინასაარჩევნო გეგმების შესრულება საკუთარ გუნდს მიანდოს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close