ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

„ქუთაისი საფრთხეშია!“ – მოქალაქეებმა ნამახვანის ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

„ქუთაისი საფრთხეშია!“, „შეიგრძენი საფრთხე“, „დუმილი დანაშაულია!“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა გააპროტესტეს.

„ეს არის საშიში პროექტი, ნამახვანის ჰესის მშენებლობა დაგეგმილია მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურ ზონაში და საფრთხის წინაშე აყენებს ოცამდე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ჰესის მშენებლობის გამო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ სამართლებრივი დახმარებისთვის ცაგერის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების სოფლების ტვიშის, ნამოხვანისა და მექვენის მოსახლეობამ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის, ზაალ გორგიძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის თებერვლის ბრძანება, რომელმაც ჰესის შენებლობას „მწვანე შუქი აუნთო“ და ამჟამად სარჩელის არსებით განხილვას ელოდებიან.

ქუთაისში გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ იმ სოფლების მცხოვრებნი, რომლებსაც ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შემთხვევაში საკუთარი სახლების დატოვება მოუწევთ. მათი თქმით, მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას რამდენიმე მიზეზით ეწინააღმდეგება – არ სურთ საკუთარი კარ-მიდამოს და ახლო ნათესავების საფლავების მიტოვება და ამასთან, შიშობენ, რომ ჰესი მხარის მიკროკლიმატს შეცვლის და უარყოფითად იმოქმედებს ფლორასა და ფაუნაზე.

პროექტის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი მდინარე რიონზე, წყალტბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში უნდა აშენდეს. მშენებლობა და ჰესების ექსპლუატაცია 2016 წელს შექმნილმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ უნდა უზრუნველყოს. კომპანიის წილის 10% ნორვეგიაში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას „ქლინ ენერჯი გრუპ ეი ეს“-ს ეკუთვნის, 90% კი – ნიდერლანდში დაფუძნებულ „ენკა ჰოლდინგ ბი ვი“-ს. კომპანიის დირექტორთა საბჭოში არიან თურქეთის და ნორვეგიის მოქალაქეები.

სრული ვერსია: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close