fbpx
მედიცინამსოფლიო

„გარღვევა კოვიდ-19-ის მკურნალობაში“ – იაფი და ხელმისაწვდომი ეფექტიანი საშუალება კორონავირუსის წინააღმდეგ

ყველასთვის კარგად ცნობილი პრეპარატი დექსამეტაზონი, როგორც ბრიტანელმა მეცნიერება დაასკვნეს, Covid-19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობას ამცირებს

იაფ და ხელმისაწვდომ პრეპარატ დექსამეტაზონს შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიცოცხლე იხსნას, – ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები.

მკვლევარების მონაცემებით, მკურნალობის კურსში დექსამეტაზონის ჩართვა 33%-ით ამცირებს სიკვდილის რისკს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფი პაციენტებისთვის, ხოლო 20%-ით – ECMO-ს აპარატზე შეერთებული პაციენტებისთვის.

მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტიდან ამტკიცებენ, რომ დექსამეტაზონი მძიმე პაციენტების სამკურნალო კურსში პანდემიის დაწყების დროიდან რომ ჩაერთოთ, ბრიტანეთში ახლა კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 5000-ით ნაკლები იქნებოდა (ამ დრომდე კორონავირუსმა ბრიტანეთში 42 589 ადამიანი იმსხვერპლა).

პრეპარატი ძვირი არ არის (ბრიტანეთში ის 5 ფუნტი ღირს), ამიტომ მისი ეფექტიანობა კოვიდ-პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად განსაკუთრებით აქტუალურია იმ არც თუ მდიდარი ქვეყნებისთვის, სადაც დაავადებულთა დიდი რაოდენობაა.

სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსული ინფექციის მქონე 20 პაციენტიდან 19-ს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილს სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია ან ექმოს (ECMO) აპარატზე შეერთება.

როგორც მეცნიერები აცხადებენ, სწორედ მძიმე ავადმყოფთა მკურნალობისას აჩვენებს დექსამეტაზონი მნიშვნელოვან შედეგს.

პრეპარატის კლინიკური კვლევებისას, რომლებიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარდა, სტაციონარში მოთავსებულ 2000-მდე პაციენტს აძლევდნენ დექსამეტაზონს მკურნალობის კურსის ფარგლებში.

მათი მკურნალობით მიღებული შედეგები იმ 4 ათასი პაციენტის მკურნალობით მიღებულ შედეგებს შეადარეს, რომლებსაც დექსამეტაზონი დანიშნული არ ჰქონდათ.

გაირკვა, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფი პაციენტებისთვის, რომლებიც დექსამეტაზონს იღებდნენ, სიკვდილის რისკი 40%-იდან 28%-მდე შემცირდა, ხოლო ექმოს აპარატზე მიერთებული პაციენტებისთვის – 25%-იდან 20%-მდე.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ დექსამეტაზონმა მნიშვნელოვანი ეფექტი აჩვეენა: „ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც დაგვეხმარა ლეეტალური შედეგის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებაში. ეს დიდი გარღვევაა“.

„კურსი 10 დღეზეა გათვლილი და 5 ფუნტი სტერლინგი ჯდება  (19 ლარამდე) ერთი პაციენტის შემთხვევაში. იმისათვის, რომ ერთი სიცოცხლე გადავარჩინოთ, საშუალოდ 35 ფუნტი სტერლინგი იქნება საჭირო. ეს არის წამალი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომია“, – ამბობს ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი, პროფესორი მარტინ ლანდრეი.

მისი თქმით, უკვე ახლავე დაუყოვნებლივ უნდა დაუნიშნონ დექსამეტაზონით მკურნალობა მძიმე პაციენტებს. ამასთან, პროფესორი აცხადებს, რომ მსუბუქი ფორმის შემთხვევაში დექსამეტაზონის გამოყენებას აზრი არ აქვს. პრეპარატი ეხმარება იმ კოვიდ-პაციენტებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემა აღენიშნებათ.

უკვე არსებული პრეპარატების გამოცდა Covid-19-ის სამკურნალოდ მარტიდან მიმდინარეობს. მათ შორის, ტესტირებას გადიოდა მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჰიდროქსიქლოროქინი, თუმცა ცოტა ხნის წინ გადაწყდა, მის გამოყენებაზე უარი ითქვას იმ საფრთხის გამო, რომ ის სიკვდილის რისკს ზრდის და შეიძლება გულის დაავადებების პროვოცირება მოახდინოს.

კიდევ ერთი პრეპარატი, რომელიც გამოცდას გადიოდა, რემდესივირია – ანტივირუსული საშუალება, რომელიც ებოლის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. როგორც ვარაუდობენ, რემდესივირი Covid-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის დროს ამცირებს და ეხმარება მათ, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება დექსამეტაზონს: ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, ის არის პირველი პრეპარატი, რომლის ეფექტიანობა Covid-19-ის წინააღმდეგ დამტკიცებულია და ეს რომელიმე ახალი და ძვირადღირებული წამალი კი არ არის, არამედ ძველი, იაფი გლუკოკორტიკოსტეორიდია.

ეს კი სასიხარულოა იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში ყველგან შეუძლიათ ახლავე დაიწყონ მისი გამოყენება კორონავირუსული ინფექციით დაავადებული მძიმე პაციენტების გადასარჩენად. ამიტომაც კლინიკური კვლევების მთავარი შედეგები დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა.

დექსამეტაზონი 1960-იანი წლებიდან გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის, რევმატოიდული ართრიტისა და ასთმის შემთხვევაში. იმ Covid-პაციენტების, რომლებსაც ფილტვების ვენტილაცია სჭირდებათ, დაახლოებით ნახევარი იღუპება, ამიტომ ლეტალური შედეგის რისკის 33%-ით შემცირებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

რეანიმაციაში პრეპარატს ინტრავენურად უნიშნავენ, ხოლო ნაკლებად მძიმე პაციენტები კი მას აბების სახით იღებენ.

რაც შეეხება რემდესივირს: ამ პრეპარატმა აჩვენა ეფექტიანობა დაავადების სიმპტომების 15-იდან 11 დღემდე შემცირებით, თუმცა არანაირი მონაცემები არ არსებობს, რომლებიც დაადასტურებდა მის ეფექტიანობას კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების კუთხით.

ამასთან, დექსამეტაზონისგან განსხვავებით, რემდესივირი ახალი პრეპარატია, რომლის მომწოდებელთა წრე შეზღუდულია და მისი ფასი ჯერ არ არის გამოცხადებული.

ნიკო აბაშიშვილი

წყარო: BBC

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close