საზოგადოებასაქართველო

რატომ დატოვეს ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა „TV პირველი“? – ეთერიდან გამხელილი მიზეზები (ვიდეო)

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ტვ პირველის“ თოქშოუს – „პოლიტმეტრის” წამყვანები ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი არხს ტოვებდნენ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, თუმცა არც არხის ხელმძღვანელობას და არც ტელეწამყვანებს ამის შესახებ განცხადება აქამდე არ გაუკეთებიათ. 12 ივნისს კი თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებმა  „ტვ პირველის“ ეთერში გასული თავიანთი ბოლო გადაცემის დასასრულს განაცხადეს.

ტელეწამყვანებთან ერთად არხი დატოვეს თოქშოუ „პოლიტმეტრის” პროდიუსერებმა და ჟურნალისტებმა.

თუ რატომ გაიყო „ტვ პირველის“ და „პოლიტმეტრის“ გზები, ამაზე ჟურნალისტებმა ვრცლად ისაუბრეს, თუმცა პერსონებზე ლაპარაკს თავი აარიდეს.

ცნობისათვის: „ტვ პირველზე“ საკადრო ცვლილებები მაისიდან, არხზე „მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძისა და „მთავარი არხიდან“ მასთან ერთად წამოსული ჟურნალისტების მისვლის შემდეგ დაიწყო. მელაძე აპრილში „ტვ პირველის“ მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილმა თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი „ხელმძღვანელობასთან ხედვების ვერდამთხვევის“ გამო დატოვა. 6 ივნისს კი არხის დირექტორის პოსტიდან წავიდა ინგა გრიგოლია. 

ვახო სანაია: „ეს იყო „პოლიტმეტრის“ ბოლო გადაცემა „ტვ პირველზე“. …შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის; ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია. ეს სულ გვახსოვდა წლების განმავლობაში, როდესაც სხვებთან ერთად ვმუშაობდით. მთელი ხუთი წელი ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით, სწორედ. როგორ გამოგვდიოდა, ეს თქვენი შესაფასებელია. ახლაც და მომავალშიც. თანამშრომლობის რესურსი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია“.

ნინო ჟიჟილაშვილი: „…ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ, უბრალოდ, არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის და გემოვნების, ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით“.

კულუარული ინფორმაციით, ვახო სანაიამ  და ნინო ჟიჟილაშვილმა შემოთავაზება მიიღეს ტელეკომპანია „ფორმულადან“, რომელიც „რუსთავი 2“-ის დატოვების შემდეგ ჟურნალისტთა ერთმა ჯგუფმა დააფუძნა. მოკლედ, შეიყრება თუ არა ყოფილი „რუსთაველების“ და ყოფილი „ტვ პირველების“ გზები, მალე ვნახავთ. ისე კი, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მაღალი კლასის ჟურნალისტების შემოერთება ნებისმიერ ტელეკომპანიისთვის და მათ ზურგს უკან მდგარი პოლიტიკური ჯგუფისთვის დიდი საჩუქარია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close