fbpx
მედიცინა

გადადის თუ არა კორონავირუსი დედის რძით ბავშვზე? – ჯანმოს განმარტება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადება ბავშვს დედის რძით შეიძლება გადაეცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა ანშუ ბანერჟიმ 12 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ცოცხალი ვირუსი დედის რძეში, ამიტომაც კორონავირუსის დედისგან შვილზე გადაცემის რისკი დადასტურებული არ არის“, – განაცხადა ანშუ ბანერჟიმ.

თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს რეკომენდაციაა, კორონავირუსით ინფიცირებულმა დედებმა ჩვილების ძუძუთი კვება გააგრძელონ.

„ბავშვისთვის ეს უსაფრთხოა“, – დასძინა მან.

თუ როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის ინფექცია ბავშვებსა და ორსულებში და არის თუ არა დედის რძე უსაფრთხო – ამის შესახებ „იმედის დილაში“ ჯერ-კიდევ 25 მარტს ექიმმა-გინეკოლოგმა ნატალია ხონელიძემ ისაუბრა.

ექიმის თქმით, მან მოიძია სტატისტიკა ორსულებისა და 12 თვემდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის მიმდინარეობის შესახებ და არსებული სტატისტიკა ორსულებში ასეთია:

„ჩინეთში სტატისტიკაა გაკეთებული 3 ათასზე მეტ ორსულზე. თებერვლის ბოლომდე ევროპაში იყო 150 ორსული. ახლახანს ვნახე და ევროპის მასშტაბით 350 ორსულზე იყო სტატისტიკა გაკეთებული. საუბარია ორსულებზე, რომელთაც უკვე ჰქონდათ კორონავირუსი. აღმოჩნდა, რომ დაახლოები 85-95%-ში ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. დაახლოებით, 5-6%-ის შემთხვევაში საშუალო სიმძიმით, ხოლო 1%-ში ორსული იყო კრიტიკულ სიტუაციაში“, – განაცხადა ნატალია ხონელიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მკურნალობის მეთოდი ორსულებში ნაყოფისთვის სარისკო, ხონელიძემ განაცხადა, რომ ევროპაში საშუალო სიმძიმის ყველა ორსული მკურნალობის შემდეგ დღეს თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

გინეკოლოგმა ასევე ისაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში და შესაძლებელია თუ ინფიცირებული დედის მიერ ჩვილის ძუძუთი კვება.

„ასევე გამოქვეყნდა სტატისტიკა 12 თვემდე ბავშვების, რომლებსაც კორონავირუსი აღმოაჩნდათ. აქაც 95%-ზე მეტში დაავადება ძალიან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, 3-4%-შია საშუალო სიმძიმის და კრიტიკული – 0,1-0,7%-მდე. მოგეხსენებათ, დედისგან ინფიცირებული ერთადერთი ბავშვი ინგლისში დაიბადა. დედის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ბავშვის დაბადების შემდეგ გახდა ცნობილი. ამ ეტაპზე დედის რძეში კორონავირუსი აღმოჩენილი არ არის. ინფიცირება გადადის მხოლოდ და მხოლოდ კონტაქტური გზით, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ შეეშინდეთ ორსულებს, კორონავირუსი თუნდაც სუსტი ან საშუალო ფორმით აღმოაჩნდეთ. მათ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლიათ ბავშვები ძუძუთი კვებონ, თუმცა უნდა დაიცვან აუცილებელი პირობები, რაც შეეხება კონტაქტს, ნიღაბი აუცილებლად, ხელების ხშირი დაბანა და ასე შემდეგ. ასე რომ, ბავშვის რძით კვება აუცილებელია. დედის რძეში არის ანტისხეულები, რომელიც ბავშვმა უნდა მიიღოს და შემდეგში გაუადვილდება ნებისმიერ ინფექციასთან ბრძოლა. თუ დედა თავად ვერ შეძლებს ბავშვის კვებას, რძე უნდა გამოიწუროს, მოათავსოს ბოთლში და შემდეგ ბავშვი კვებოს თვითონ ან დამხმარე ადამიანის საშუალებით“, – განაცხადა ნატალია ხონელიძემ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close