დეპუტატ სოფო კილაძის ყოფილი ქმარი დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს
„ქართული ოცნების“ წევრის, სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო დააკავეს. ავთანდილ ხარაძეს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ირკვევა, პოლიცია სოფო კილაძემ მას შემდეგ გამოიძახა, რაც სახლში მისული ბავშვის მამა წასვლას კომენდანტის საათის გამო ვერ ახერხებდა. შემაკავებელი ორდერის გამო დეპუტატის მეუღლეს მასთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა.
კილაძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არასრულწლოვნის ჩართულობიდან გამომდინარე არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რის გამოც დეპუტატმა პოლიციას მიმართა. კილაძის განცხადების საფუძველზე სასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ შემაკავებელი ორდერი გამოწერა.
ავთანდილ ხარაძემ კატეგორიულად უარყო ყოფილ მეუღლეზე, სოფო კილაძეზე როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა. მისივე განცხადებით, მისი და ბავშვის უფლებები, პირიქით, სოფიო კილაძის მხრიდან ირღვევა, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურად მის მეუღლედ ითვლება.
კომენტარები