მედიცინამსოფლიოსაზოგადოება

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული იყო, კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

სომხეთში 4 წლის ბავშვს, რომელმაც კორონავირუსული ინფექცია უსიმპტომოდ გადაიტანა, კავასაკის სინდრომი დაუდასტურდა, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს.

„სამწუხაროდ, ჩვენთან დარეგისტრირდა კავასაკის სინდრომი 4 წლის ბავშვთან, რომელმაც კორონავირუსის ინფექცია უსიმპტომოდ გადაიტანა.

ბოლოს დროს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებში კავასაკის სინდრომის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, რაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. კავასაკის სინდრომის ეტიოლოგია ბოლომდე შესწავლილი არ არის, თუმცა ის, ძირითადად, დაკავშირებულია აუტოიმუნურ პასუხთან ინფექციური დაავადებების მიმართ. ეს დაავადება, ძირითადად, 5 წლამდე ბავშვებში გვხვდება“, – წერს არსენ ტოროსიანი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საერთაშორისო სტატისტიკის გათვალისწინებით, სომხეთში უკვე მომარაგებული აქვთ იმუნოგლობულინების ძვირადღირებული პრეპარატები სპეციალურად ამ სინდრომის მკურნალობისთვის. იგი იმედოვნებს, რომ ბავშვი, რომლის მდგომარეობა, მედიკოსთა შეფასებით, საშუალო სიმძიმისაა, მალე გამოჯანმრთელდება.

„მოვუწოდებ ყველას, დიდებსაც და ბავშვებსაც, მკაცრად დაიცვან ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმები, თავი აარიდონ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობებს, ყოველთვის ატარონ ნიღაბი, ხშირად გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები და დაიბანონ ხელები:

აუცილებელია შეზღუდოთ ყველა არასასიცოცხლოდ აუცილებელი კონტაქტი ერთმანეთთან, რათა ინფექციის გავრცელების ჯაჭვი გაწყდეს“, – წერს არსენ ტოროსიანი.

ცნობისათვის:  კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, ხელის მტევნების და ტერფების შეშუპება და ა. შ. დაავადების დროს ზიანდება სისხლძარღვები (ძირითადად, საშუალო და წვრილი არტერიები). სინდრომი უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან, როგორიცაა ანევრიზმების, თრომბოზების წარმოქმნა და სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა.

მსგავს თემაზე: კავასაკის სინდრომის შემთხვევები იტალიაში 30-ჯერ გაიზარდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close