მედიცინა

მეცნიერებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის უჯრედები გაამრავლეს

ბუფალოში მდებარე ნიუ-იორკის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგებმა თაგვის ემბრიონში ადამიანის ღეროვანი უჯრედები გადანერგეს. გამოცემა Science Advances-ში გამოქვეყნებული ნაშრომიდან ვიგებთ, რომ 17-დღიანი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ ეს უჯრედები გამრავლდა და თითქმის მთელ ჩანასახს მოედო.

მეცნიერებს სხვადასხვა ცხოველის ემბრიონში ადამიანის უჯრედები აქამდეც გადაუნერგავთ, თუმცა მათი ასეთი ინტენსიური გამრავლება არასდროს დაფიქსირებულა. საერთო ჯამში, ადამიანის ღეროვანმა უჯრედებმა თაგვის ჩანასახის აგებულების 4 პროცენტი შეადგინა. ისინი სისხლთან ერთად ისეთ ქსოვილშიც აღმოჩნდა, რომელიც განვითარების შემდგომ ეტაპებზე თვალებს, გულსა და ტვინს აყალიბებს. მსგავსი ექსპერიმენტების ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია.

ადამიანის უჯრედებმა (მწვანე) თაგვის ემბრიონის (ლურჯი) თვალის ქსოვილი შეადგინეს. ფოტო: UBMD

ამგვარი პროგრესი შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც გადანერგვამდე დროებით შეაფერხეს ადამიანის ღეროვანი უჯრედების განვითარება და მათი მდგომარეობა თაგვის ემბრიონულ უჯრედებთან დაასინქრონეს. შედეგად, 17 დღის შემდეგ, თაგვის ჩანასახში შეყვანილი ადამიანის 10-12 ღეროვანი უჯრედი მილიონობით უჯრედად, მათ შორის, ერიტროციტებად და თვალის ქსოვილის შემადგენელ უჯრედებად გადაიქცა.

რამდენიმე წლის წინ ბიოლოგებმა ადამიანისა და ღორის ჰიბრიდები მიიღეს, 2019 წლის ზაფხულში კი ესპანელმა მეცნიერებმა ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდის შექმნის შესახებ განაცხადეს. როგორც წესი, ეთიკური პრობლემების გამო, ასეთ ჩანასახებს განვითარების ადრეულ ეტაპზევე ანადგურებენ, თუმცა შარშან იაპონიაში ჰიბრიდების თაგვის საშვილოსნოში გადანერგვის ნებართვა გაიცა. ვარაუდობენ, რომ ადამიანისა და ცხოველის ჰიბრიდები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სხვადასხვა დაავადების შესწავლისა თუ ახალი მედიკამენტების გამოცდის პროცესში.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close