იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სერია A-ს და იტალიის თასის მატჩები ივნისში განახლდება, კერძოდ, იტალიის ჩემპიონატის შეხვედრები 20 ივნისს, ხოლო თასის მატჩები 13 ივნისს დაიწყება. ამის შესახებ Ansa წერს.
ეს განცხადება მინისტრმა Figc-ს (იტალიის ფეხბურთის ფედერაცია) ყველა წევრთან და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან ვიდეკონფერენციის ფორმატში გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო იტალიაში ფეხბურთი 9 მარტს შეაჩერეს. 2019-2020 წლების სეზონში კიდევ 12 ტურის შეხვედრებია ჩასატარებელი. იტალიის თასის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრები კი 13 და 14 ივნისს გაიმართება: „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, ხოლო „იუვენტუსი“ – „მილანს“. ფინალური მატჩი კი 17 ივნისს ჩატარდება.
„იტალია ფეხზე დგება და ფეხბურთმაც იგივე უნდა გააკეთოს. ჩვენ დავთანხმდით სამედიცინო პროტოკოლს, ფეხბურთელის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში კარანტინი აუცილებელი იქნება“, – განაცხადა სპადაფორამ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, სპორტის რეფორმირება აგვისტოსთვის მთლიანად დასრულდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები