fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველო ესტონელი ახალგაზრდების თვალით

დაახლოებით 2 წლის წინათ ვწერდით, რომ ხუთმა ახალგაზრდამ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოში, წყალტუბოს რაიონში ჩაის წარმოება გამართა და სავაჭრო ბრენდი Renegade Tea Estate დააარსა. მათი უმრავლესობა ესტონელია. ახალგაზრდები დღესაც აქტიურად მუშაობენ და ავითარებენ თავიანთ წარმოებას.

ამჯერად მოგითხრობთ იმ ბლოგის შესახებ, რომელიც მათ ინტერნეტსივრცეში შექმნეს. კომპანიის მესვეურები მასზე არამარტო თავიანთი პროდუქციის გასაღებით არიან დაკავებული, არამედ მკითხველებს საქართველოს შესახებაც მოუთხრობენ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მათ ფეისბუქზე გააზიარეს სტატია ინგლისურ ენაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეძღვნება. გთავაზობთ სტატიის თარგმანს მცირედი შემოკლებით:

როგორია იცხოვრო საქართველოში?

სამი საქართველო

უმთავრესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ძალიან განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. თბილისი არის თანამედროვე ქალაქი ლამაზი კაფე-ბარებით, ახალი, ტექნოლოგიური ბიზნესებით. ბათუმი სავსეა მინის ცათამბჯენებით, ბარებით, კარუსელებით, კაზინოებითა და პლაჟებით. ამას გარდა, არსებობს პროვინცია ლამაზი ხედებით, ახალგაზრდებით, რომლებიც კვირის ნებისმიერ დღეს და დღის ნებისმიერ მონაკვეთში დგანან ქუჩაში და საუბრობენ, ასევე სახლებით, რომელთა შიდა მოწყობას ბევრად მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე გარეგნულ იერს. ჩვენი კომპანია ერთ-ერთ ასეთ სოფელში მდებარეობს, ამდენად, ძირითადად საქართველოს ამ ნაწილის შესახებ მოგითხრობთ.

მეგობრული ადამიანები

ვისაც რაიმე სმენია საქართველოს შესახებ, აუცილებლად ეცოდინება ქართველთა სტუმართმოყვარეობის თაობაზე. ადამიანის დაპატიჟება, საჭმლითა და ღვინით გამასპინძლება გავრცელებული ჩვეულებაა. გიმასპინძლდებიან სახლში გაკეთებული ღვინით და შეგიძლიათ საათები გაატაროთ სასიამოვნო საუბარში. ეს გარემოება საქართველოს შესანიშნავ ტურისტულ მიმართულებად აქცევს, თუმცა შესაძლოა მღელვარების საფუძველი გახდეს, თუკი აპირებთ იქ ყოფნის მანძილზე თქვენი ევროპული ქცევა შეინარჩუნოთ. ქართველებთან ურთიერთობისას უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის ოჯახი, მეგობრები და დროის კარგად გატარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე ბიზნესი. ასეთ მენტალიტეტთან შეგუება თავიდან ძნელია, მაგრამ შემდეგ თავად იცვლი აზროვნების სტილს.

ცხოვრების ღირებულება საქართველოში

ის, თუ რა დაგიჯდებათ საქართველოში ცხოვრება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი მიღება გსურთ ცხოვრებისგან. საორიენტაციოდ გეტყვით, რომ საშუალო ხელფასი ქვეყანაში თვეში ოფიციალურად 1069 ლარია. რამდენადაც მომსახურების ხარჯები მაღალი არ არის, ცხოვრება საკმაოდ იაფია. ამავე დროს, ზოგი პროდუქტი ზედმეტად ძვირად მოგეჩვენებათ. მაგალითად, ხორცი და რძის პროდუქტი, უმთავრესად, იმპორტირებულია და ამიტომაც შედარებით ძვირია. ზოგიერთ პროდუქტს საერთოდ ვერ იპოვით. მაგალითად, ჩვენ ძალიან გვინდოდა ავოკადოს შეძენა, რაც ვერ მოვახერხეთ.

არის თუ არა საქართველო საცხოვრებლად უსაფრთხო ქვეყანა?

ამ კითხვაზე მოკლე და ადვილი პასუხია დიახ! ცხადია, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ იმ ორი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიმყოფებით, თავს რაიმე ცუდი არ გადაგვხდენია, რაიმე საფრთხე არ გვიგრძვნია.

საქართველოს კლიმატი

რამდენადაც ჩაის კრეფის დრო მარტიდან ოქტომბრამდეა, ჩვენც ამ დროს ვიმყოფებით საქართველოში და გამოცდილებაც შესაბამისია. მარტში საკმაოდ ცივა, მაგრამ აპრილიდან ტემპერატურა თანდათანობით იზრდება და აგვისტოში 40 გრადუსამდე აღწევს, ხოლო შემდეგ ისევ იკლებს. სახლები არაა ისე აგებული, რომ სითბო შეინახოს, ამიტომ როცა აცივდება, გათბობის ხარჯები იმატებს

კომუნალური გადასახადები

ჩვენთვის, ესტონელებისთვის უცნაურია კომუნალური გადასახადების გადახდის წესი. ჩვენთან გაქვს ხელშეკრულება კომპანისთან, რომელიც თვის ბოლოს ავტომატურად ჩამოგაჭრის თანხას ანგარიშიდან. საქართველოში ქალაქის ქუჩებში დგას სპეციალური აპარატები, სადაც ნაღდი ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ. თუკი ვთქვათ, დენის საფასურის დროულად ჩარიცხვა დაგავიწყდებათ, შუქს მაშინვე გაგითიშავენ. გადახდის შემდეგ კი ელექტროენერგიის მოწოდებას სწრაფად აღადგენენ.

დროის კონტროლი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეზობლები თვლიან, თითქოს ესტონელები ნელი ხალხი ვართ, ესტონეთში ცხოვრების რიტმი ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში. ეს ყველაფერში ვლინდება. შეიძლება აპირებდეთ რამეს გაკეთებას ერთ დღეში, სინამდვილეში კი ამას მთელი კვირა მოუნდებით. ეს ეხება, შესყიდვებს, საჭირო თანამშრომლების მოძებნას და ა. შ.

ენა

ოფიციალური ენა ქართულია და პროვინციაში უმრავლესობას სხვა ენა არც ესმის. შეგიძლიათ იპოვოთ რუსულის მცოდნეები, ხოლო ინგლისური ძალიან ცოტამ იცის.

საბოლოო ჯამში საქართველოში ცხოვრება შესანიშნავია, რადგან აქ არსებობს მშვენიერი სამზარეულო, ბუნება და ადამიანები. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუკი საქართველოში დიდხანს დარჩენას გადაწყვეტთ, მოგიწევთ საკუთარი თავი შეცვალოთ. ბოლო-ბოლო თქვენ ჩახვედით მათთან და არა პირიქით.

თარგმნა გიორგი ჯანელიძემ

სტატიის ორიგინალი

ამავე თემაზე: ბალტიისპირელი ენთუზიასტები ქართული ჩაის წარმოების აღორძინებას ცდილობენ (ვიდეო)

როგორ ცდილობენ ესტონელი და ლიტველი ახალგაზრდები, გადაარჩინონ ქართული ჩაის წარმოების ტრადიციები

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close