როგორ ცდილობენ ესტონელი და ლიტველი ახალგაზრდები, გადაარჩინონ ქართული ჩაის წარმოების ტრადიციები

დღეს, როდესაც ბევრი ჩვენი თანამემამულე მოითხოვს სახელმწიფოსგან, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის აღორძინებას, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას უმტკიცებს, რომ მზადაა ფინანსურად უზრუნველყოს აგროსექტორის განვითარება, ოთხმა ესტონელმა და ერთმა ლიტველმა ახალგაზრდამ გადაწყვიტეს, უბრალოდ, მიეტოვებინათ თავიანთი კარიერა და წამოსულიყვნენ საქართველოში, რათა საკუთარი შრომისა და ცოდნის ხარჯზე ააღორძინონ ქართული ჩაის წარმოება.


ჩაის წარმოება საქართველოში ძალიან განვითარებული იყო, მაგრამ 30 წლის წინათ სრული კოლაფსი განიცადა. საბჭოთა პერიოდში საქართველოში წლიურად დაახლოებით 150 ათასი ტონა ჩაი იწარმოებოდა. დღეს ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია – ამჟამად ქვეყანაში წლიურად მხოლოდ 3 ათასი ტონა ჩაი იწარმოება. 7 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციებიდან უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია ან, საუკეთესო შემთხვევაში, ამ მიწებზე სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები ხარობს.

ხუთმა ახალგაზრდამ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სავაჭრო ბრენდი Renegade Tea Estate დააარსა, რათა გადაარჩინონ ქართული ჩაის ინდუსტრია და შექმნან მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტი. მათი ამოცანაა, ამ პროდუქტით კონკურენცია გაუწიონ ჩაის მასობრივ წარმოებას, რომელიც მომხმარებელს ხშირად უხარისხო პროდუქციას სთავაზობს. ამისათვის მათ წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფურჩხეთში 17 ჰექტარი ჩაის პლანტაცია შეისყიდეს და დამუშავება დაიწყეს.

როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა მეწარმე, კრისტინა მეიკი (Kristiina Mehik) ამბობს, უკვე განხორციელებულია საწყისი კაპიტალდაბანდება – 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაწმენდილია სარეველა ბალახებისგან, ბუჩქებისა და პატარა ხეებისგან. ძველი პლანტაციის გადაჭრილი ნერგები ახალ სიცოცხლეს იწყებენ და სულ მალე პირველი მოსავლის აღება გახდება შესაძლებელი.

ენერგიული ახალგაზრდების ახალი გამოწვევა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა იქნება. მათ უკვე შეარჩიეს ძველი საწყობის შენობა, რომელსაც ამ მიზნით გამოიყენებენ. შენობა სხვა მიტოვებული ჩაის პლანტაციის შუაგულში მდებარეობს. რამდენადაც ახალგაზრდებმა ასეთ გარემოში საწარმოს ამუშავება მიუღებლად მიიჩნიეს, გადაწყვიტეს, ეს პლანტაციაც გაწმინდონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ თავდაპირველ გეგმებში არ შედიოდა.


ესტონელი ახალგაზრდები ეძებენ მხარდამჭერებს, რომლებსაც ქართული ჩაის აღორძინების საქმეში სურთ მონაწილეობა. მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ ისინი მიიღებენ მოსავლის 50 პროცენტს იმ პლანტაციებიდან, რომლის აღდგენაშიც წვლილს შეიტანენ.

„ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება, თუკი ჩვენ შესახებ ინფორმაციას გაავრცელებთ. ფინანსურად თუ არ შეგიძლიათ დახმარება, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინეთ ქართული ჩაის გადარჩენის საქმეში ჩვენი ძალისხმევის შესახებ“, – ამბობს კრისტინა მეიკი.


პლანტაციების აღდგენა, საწარმოს ამუშავება, შესაბამისი სერტიფიკატების მოპოვება და პლანტაციასთან სახლის აშენება მომავალი 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 150 ათასი ევროს კაპიტალდაბანდებას მოითხოვს. ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მოხალისეების მხარდაჭერით დაახლოებით 30 ათასი ევროს შეგროვებას მოახერხებენ, რათა აღნიშნული ხარჯების ნაწილი დაფარონ.


ჩაის პროდუქციის გაყიდვით დაკავებული კომპანიების დიდი უმრავლესობა, ძირითადად, შუამავალი სავაჭრო ფირმებია, რომელთა თანამშრომლებმა არც კი იციან, სად და როგორ იზრდება ჩაი. Renegade Tea Estate-ი მათგან იმით განსხვავდება, რომ ზრუნავს მთელ პროცესზე ჩაის პლანტაციის მოვლიდან მზა პროდუქციის გაყიდვამდე. „ჩვენ მეამბოხეები ვართ, რომლებმაც არაორდინარული გზა ავირჩიეთ და მიღებული ნორმების წინააღმდეგ გავილაშქრეთ“, – ამბობს კრისტინა მეიკი.

ახალგაზრდებს დიდი გეგმები აქვთ: „ჩვენი მიზანია პროდუქცია გავიტანოთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება გაიგოს, თუ ვინ და სად აწარმოებს პროდუქტსა და სასმელს, რომელსაც მოიხმარენ. მათ შეეძლებათ პირდაპირ ჩვენგან, მწარმოებლისგან იყიდონ ხარისხიანი პროდუქცია“, – გვითხრეს მათ ინტერვიუში.

ახალგაზრდა მოხალისეების ენთუზიაზმს ზრდის ადგილობრივებთან კარგი ურთიერთობები: „ადგილობრივმა მოსახლეობამ ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისინი გვაჩვენებდნენ, თუ როგორ აწარმოებენ ჩაის და ასევე გაგვაცნეს ქართული კულტურა. მხარდაჭერა გვქონდა მთავრობისგანაც. მთავარი სიძნელე არის ის, რომ ხშირად ვერ ვნახულობთ სპეციალისტებს, რომლებიც უცხოურ ენებსაც ფლობენ. ამავე დროს, რამდენადაც ადამიანებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სტაბილური სამუშაო წლების განმავლობაში, მათი ცხოვრების წესი და მოთხოვნილებები არსებულ პირობებზეა მორგებული. ეს უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო“.

იხილეთ სახალისო ვიდეო, როგორ ცდილობენ ლიტველი და ესტონელი ახალგაზრდები ქართულის სწავლას:
 

 

ეს კი კომპანია Renegade Tea Estate-ის ფეისბუქგვერდია: https://www.facebook.com/rngdteaestate/

კომენტარები
Загрузка...