ისტორიაკულტურა

მეთორმეტე საუკუნის სახარება სვანეთს ტოვებს – 8 საუკუნის განმავლობაში პირველად (ვიდეო)

ზემო სვანეთში, ლახამულას ხიდის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცულმა მე-12 საუკუნის სახარებამ, 8 საუკუნის განმავლობაში პირველად, სვანეთი დატოვა – უძვირფასესი ხელნაწერი თბილისში, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში ჩამოიტანეს, სადაც მას რესტავრაცია ჩაუტარდება.

თითქმის 800 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ოთხთავი სვანეთს ტოვებს. სარესტავრაციო სამუშაოები წელიწად-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდება. სახარების აღდგენის პროცესს ეტაპობრივად დააკვირდება სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივებისგან შეიქმნა.

სახარება სვანეთიდან თბილისში, ეროვნული არქივის ლაბორატორიამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის თანხლებით ჩამოიტანეს. 18 თვის შემდეგ ქართული ეროვნული საგანძურის ეს უმნიშვნელოვანესი ნიმუში კვლავ ლახამულას ტაძარს დაუბრუნდება და მისთვის განკუთვნილ სპეციალურ სათავსში მოთავსდება, სადაც სათანადო მიკროკლიმატი და უსაფრთხო პირობები იქნება.

ლახამულა (ლახმულდი) სვანეთის დასავლეთით ბოლო სოფელია, სადაც მდებარეობს ხიდის წმ. გიორგის (ჯგურაგ ბოგეშ) უძველესი ეკლესია. სწორედ ამ ეკლესიაში, სხვა სიწმინდეებთან ერთად, 8 საუკუნეა, ინახება უნიკალური XII ს. ხელნაწერი, ტყავის ყდით შემოსილი სახარება – ლახამულას ოთხთავი (გიორგი მთაწმინდელის რედაქცია). ლახამულას სახარება დღემდე ტაძრის ცეცხლგამძლე სეიფში იყო დაცული და მხოლოდ საეკლესიო დღესასწაულებზე ანდა ფიცის დადებისას გამოაბრძანებდნენ ხოლმე. ცნობილია, რომ ფიცის დასადებად ლახამულა-ლახმულდში თითქმის მთელი სვანეთი მოდიოდა. ამ დროს დადებული ფიცი შეურყეველი იყო.

ლახამულას სახარება უმაღლესი ხარისხის ხბოს ტყავზეა დაწერილი და ასევე ძვირფასი ყდა მოსავს, რომელიც დროთა განმავლობაში ძალიან დაზიანდა. დაზიანებულია ფურცლებიც – ხელნაწერს ყდაცა და ფურცლებიც სოკოსაგან აქვს შეჭმული. მისი რესტავრაცია სწორედ დროულია, რათა ქართული კულტურის ეს განძი მომავალ თაობებს უვნებლად შემოვუნახოთ.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close