იტალიასაზოგადოება

იტალიის ხელისუფლება მოქალაქეებს გადასახადების შემცირებას დაჰპირდა

ვერონაში ღამის ცხოვრება ჩქეფს; რეგიონებს შორის საზღვრები 3 ივნისს შესაძლოა არ გაიხსნას

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევების ჯამურმა რიცხვმა ამ დროისთვის 230 ათასს გადააჭარბა (230 158). ახალი შემთხვევების თითქმის 50%, 148 ლომბარდიაში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სტატისტიკის 25 მაისის მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა წარმოადგინა. ამის შესახებ სააგენტო Ansa წერს.

4 რეგიონში – უმბრიაში, კალაბრიაში, მოლიზესა და ბაზილიკატაში, აგრეთვე, ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციაში გასულ ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

300 ახალი ინფიცირებული ერთ დღეში – ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 29 თებერვლის შემდეგ, პრაქტიკულად, საგანგებო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დაწყებიდან. აღსანიშნავია, რომ ინფიცირების ეს შემთხვევები კვირა დღეს მიეკუთვნება და, როგორც წესი, კვირას ნაკლები ტესტი ტარდება (ამჯერად ტესტების რაოდენობა 35 241 იყო); პროცენტული მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, მთლიანობაში ჩატარებული ტესტების 0,85% აღმოჩნდა ვირუსზე დადებითი, ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იტალიაში პანდემიის მთელი ისტორიის მანძილზე, ხოლო გასულ ერთ დღეში ჩატარებული ტესტების (საკონტროლო ტექსტების გამოკლებით) შემთხვევაში კი – 1,4%, რაც  ნიშნავს, რომ  ახალი კორონავირუსით ინფიცირება ყოველ 1000 ჩატარებული ტესტიდან საშუალოდ 14 ადამიანს გამოუვლინდა.

გასულ 24 საათში კორონავირუსმა იტალიაში 92 ადამიანი იმსხვერპლა და მთლიანობაში მსხვერპლთა რაოდენობა 32 877-მდე გაიზარდა (გუშინ ზრდა იყო 50, ლომბარდიას არ ჰქონია შეტყობინება არცერთი საავადმყოფოდან კოვიდით გარდაცვალების შესახებ). დღეს ლომბარდიის რეგიონმა კორონავირუსისგან გამოწვეული 34 ფატალური შემთხვევის შესახებ განაცხადა. აღინიშნება, რომ ეს შემთხვევები მხოლოდ გასულ 24 საათშია დაფიქსირებული და შაბათს არ განეკუთვნება.

შემცირების ტენდენცია გრძელდება: ამ დროისთვის ქვეყანაში 55 300 აქტიური პაციენტია კორონავირუსით, რაც 1294-ით ნაკლებია გუშინდელთან შედარებით. მათგან 8185 საავადმყოფოებშია მოთავსებული;  შემცირდა რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობაც – ამჟამად მძიმე პაციენტების რიცხვი 541-ს შეადგენს, 12-ით ნაკლებს, ვიდრე გუშინ (მათგან 196 ლომბარდიაშია), 46 574 ინფიცირებული კი სახლშია უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.

გამოჯანმრთელდა 141 981 პაციენტი, გასულ 24 საათში ეს მაჩვენებელი 1502-ით გაიზარდა.

ეკონომიკური კრიზისის სწრაფად და ეფექტიანად გადასალახავად იტალიის ხელისუფლება გადასახადებს შეამცირებს და საგადასახადო სისტემას გაამარტივებს, დაწერა თავის Facebook-ზე ორშაბათს, 25 მაისს იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ლაურა კასტელიმ.

ეს ზომები ნამდვილად მომწიფდა, მნიშვნელოვანია „შევამციროთ გადასახადები და გავუმარტივოთ ცხოვრება“ მეწარმეებსა და ოჯახებს, განაცხადა, თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

კონრეტულად რომელი გადასახადების შემცირებაზეა საუბარი, მთავრობის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ.

იტალიის მთავრობის წინასწარი გადაწყვეტილება 3 ივნისიდან ქვეყნის რეგიონებს შორის თავისუფალი გადაადგილების შესახებ შესაძლოა შეიცვალოს, განაცხადა La Stampa-სთან ინტერვიუში 25 მაისს რეგიონების საქმეთა მიინისტრმა ფრანჩესკო ბოჩამ.

გასულ შაბათ-კვირას უამრავი მოქალაქე გამოვიდა ქუჩებსა და პარკებში, უმეტესად – ახალგაზრდები და არ იცავდნენ არანაირ სანიტარიულ შეზღუდვებს… ახალგაზრდობის „გაგება შეიძლება“ 2-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, მაგრამ რეგიონებს შორის საზღვრების გახსნა შესაძლოა გადაიდოს, კორონავირუსის ეპიდემია იტალიაში ჯერ ხომ არ დამთავრებულა, – აღნიშნა ბოჩამ.

თავის მხრივ, მილანის მერიც შეშფოთებულია გარეთ ადამიანების სიმრავლით. გასულ შაბათ-კვირას, 23-24 მაისს ქუჩებსა და პარკებში შეგროვილ ადამიანთა რაოდენობა დაუშვებლად მაღალი იყო და მომავალ გამოსასვლელ დღეებში მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს, განაცხადა ორშაბათს, 25 მაისს ქალაქის მერმა ჯუზეპე სალამ. მილანის ხელისუფლება წუხილით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ დაგიდევს უსაფრთხოების რეკომენდაციებს, ამასთან, მერიაში უნდათ, რომ როგორღაც თავიდან აიცილონ საყოველთაო კარანტინის დაბრუნება, ამიტომ ეცდებიან, მესამე გზა მოძებნონ, აღნიშნა ლომბარდიის დედაქალაქის მერმა.

ვერონის მერმა კი 25 მაისს ბრძანებულება გამოსცა და ბარების წინ დალევა აკრძალა იმის გამო, რომ ვერონაში ღამის ცხოვრება „მთელი სისავსით“ განახლდა.

ნინო ხოშტარია

ღამის ცხოვრება ვერონაში – ნახეთ ვიდეო:

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close