fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველო: რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რა რეგულაციები რჩება ქვეყანაში

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 23 მაისიდან გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და, შესაბამისად, ე. წ. კომენდანტის საათიც.

ქვეყანაში მოიხსნა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვები ისევ ძალაში რჩება.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, რომლის შესაბამისადაც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით საქართველოში 15 ივლისამდე მოქმედი ყველა შეზღუდვა.

დღეიდან, 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის, ვაჭრობის ობიექტებში, სავალდებულოა პირბადის ტარება. ასევე, კვლავ სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა.

გაუქმდა კარანტინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ ორი სოფელი – მუშევანი და გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს. ასევე, საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

გაუქმდა სამკაციანი შეზღუდვა ავტომობილებში, ეს შეზღუდვა დარჩა მხოლოდ ტაქსის მომსახურების შემთხვევაში. აგრეთვე, ტაქსის მძღოლები ვალდებულები არიან, გამოიყენონ პირბადე.

გაუქმდა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის დაწესებული შეზღუდვა სახლიდან გასვლაზე, მაგრამ ვინაიდან ისინი მაღალი რისკის კატეგორიის ჯგუფში არიან, მთავრობა მათ მიმართავს რეკომენდაციით, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ ქუჩაში და დარჩნენ სახლში.

საგანგებო მდგომარეობასთან ერთად მოიხსნა შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.

ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, კონკრეტულად, საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელიც აუცილებელია კორონავირუსთან ბრძოლისთვის.

გარდა ამისა, 23 მაისის შემდეგაც კვლავ ძალაშია შემდეგი შეზღუდვები:

რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება; ასევე, ამ ეტაპზე შეზღუდულია სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა. ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა – გარდა ონლაინ ვაჭრობისა;

ასევე, შეზღუდული რჩება ე. წ. მოლების და ბაზრობების მუშაობა (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ); ასევე, სპორტული და კულტურული ობიექტების მუშაობა და ასეთი ღონისძიებების ჩატარება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება, გარდა ელექტრონული ფორმისა.

ზოგიერთი სახელმწიფო სერვისიც კვლავ დისტანციურად განხორციელდება.

ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორიცაა: ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც საქმიანობას აგრძელებს, ვალდებულია, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ყველა მოთხოვნა, ხოლო სურსათის წარმოებისას სავალდებულოა სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.

შეზღუდვები შენარჩუნდება ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებს.

„სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მის ქვეშ არსებული ოპერაციული შტაბები და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“, – აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.

15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისათვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო მზად იქნება, საერთაშორისო ტურისტებიც მიიღოს, შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

რაც შეეხება ამ დროისთვის ქვეყნაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას: მთლიანობაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსით ინიცირების 728 შემთხვევა (გასულ 24 საათში 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, წინა დღეს – მხოლოდ 2), გამოჯანმრთელდა 509 ადამიანი, ამ დროისთვის მოქმედ პაციენტთა რაოდნობა 207-ს შეადგენს; მათგან 6-ის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე. სულ გარდაიცვალა 12 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 3511 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 243.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close