იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულ უსიმპტომო პაციენტთა რაოდენობა იზრდება – 22 მაისის სტატისტიკა

გასული დღე-ღამის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 130 ადამიანი გარდაიცვალა (წინა დღის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 156-ს შეადგენდა). კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ-19-ს 32 616 ადამიანი ემსხვერპლა. ახალ, 22 მაისის მონაცემებს იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტო ავრცელებს. ქვეყანა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

გასულ ერთ დღეში ჩატარებული ტესტირებების შედეგად იტალიაში ახალი კორონავირუსი კიდევ 652 ადამიანს გამოუვლინდა (წინა დღის მაჩვენებელი 642 იყო) და ამ დროისთვის სულ ოფიციალურად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 228 658 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით. ამ მაჩვენებლით იტალია მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს აშშ-ის, რუსეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და ბრაზილიის შემდეგ.

სულ გამოჯანმრთელდა 136 720 პაციენტი, რაც 2160-ით მეტია გუშინდელთან შედარებით.

ამ დროისთვის იტალიაში მთლიანობაში 59322 ადამიანს უფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირება, რაც 1638-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ. მათგან მხოლოდ 8957-ია ჰოსპიტალიზებული კლინიკებში, რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა გარდა, დანარჩენი კი სახლშია თვითიზოლაციაში უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 595 მძიმე პაციენტს მკურნალობენ – ეს რიცხვი 45-ით ნაკლებია, ვიდრე გუშინ; მათგან 207 – ლომბარდიაშია, 19-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით.

იტალიის ყველა რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, – ამის შესახებ 22 მაისს ჟურნალისტებს ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სილვიო ბრუზაფერომ  განუცხადა. ამასთან, იზრდება უსიმპტომო პაციენტების რიცხვიც.

ბრუზაფეროს თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ იტალია ჯერ კიდევ „გაყოფილია“ 3 ნაწილად: როგორც ადრე, ყველაზე მეტი ინფიცირებული ისევ ქვეყნის ჩრდილოეთშია, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მათი რიცხვი ნაკლებია, სამხრეთში კი – კიდევ უფრო ნაკლები.

ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა ვირუსოლოგიის და ეპიდემიოლოოგის დარგის იტალიელ სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, ახალმა კორონავირუსმა აგრესიულობა დაკარგა და ამჟამად სულ განსხვავებულ დაავადებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ეპიდემიის დასაწყისში იყო, რადგან გამოვლენილ შემთხვევთა დიდ უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზებას არ საჭიროებს.

ნინო ხოშტარია.

მსგავს თემაზე: კორონავირუსი ძალას კარგავს? – დისკუსია იტალიელ ვირუსოლოგებსა და ექსპერტებს შორის

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close