fbpx
მედიცინაიტალიასაზოგადოება

კორონავირუსი ძალას კარგავს? – დისკუსია იტალიელ ვირუსოლოგებსა და ექსპერტებს შორის

ყველა თანხმდება ერთ საკითხზე: არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსმა მუტაცია მოახდინა

ვირუსოლოგებსა და ექსპერტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა: ახალი ტიპის კოროვირუსი ნაკლებად აგრესიული ხდება თუ მხოლოდ ლოქდაუნის დამსახურებაა ინფიცირებულთა (და მსხვერპლთა) კლება?

ჯორჯო რემუცი, კორონავირუსის შესახებ: „ფაქტია, რომ ჩვენ წინაშე სრულიად განსხვავებული დაავადებაა“

იტალიელი ექსპერტი ჯორჯო რემუცი (Giorgio Remuzzi), მილანის მარიო ნეგრის ფარმაკოლოგიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს, რომ „დღეს დაინფიცირებული პაციენტები სრულიად განსხვავდებიან სამი-ოთხი კვირის წინანდელი პაციენტებისგან“. ამის შესახებ მან გადაცემა Piazza Pulita-ში ისაუბრა, რომელიც 7 მაისს გავიდა ეთერში.

„ვითარება ასეთია: დღითიდღე მცირდება დაავადებულთა რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. სასწრაფო დახმარების ცენტრში დღიურად თუ შემოდიოდა 80 პაციენტი (ყველა მათგანი სუნთქვის მძიმე გართულებებით), დღეისათვის 10 შემოსულიდან 8 შეგვიძლია სახლში მშვიდად გავუშვათ. სიტუაცია შეიცვალა არა მხოლოდ ბერგამოსა და მილანში, არამედ რომსა და ნაპოლშიც“, – განაცხადა რემუციმ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ გაურკვეველია, მდგომარეობის გაუმჯობესება ვირუსის შესუსტებას უკავშირდება, თუ  შემცირდა ვირუსით პაციენტების „დატვირთვა“ (გადამდები ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა პაციენტებში). „ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ წინაშეა დაავადება, რომელიც სრულიად განსვავებულია იმისგან, რამაც პანდემიის დასაწყისში ჩვენი ჯანდაცვის სტრუქტურებში დიდი კრიზისი გამოიწვია“, – აღნიშნა ჯორჯო რემუციმ.

ბასეტი: „შესაძლებელია ვირუსმა ძალა დაკარგა, მაგრამ ეს ჯერ არ დამტკიცებულა

მატეო ბასეტი (Matteo Bassetti), გენუის (Genova) სან მარტინოს პოლიკლინიკის ინფექციური დაავადებების კლინიკის ოპერატიული განყოფილების დირექტორი, პირველი იყო, ვინც დიდი სიფრთხილით გამოთქვა მოსაზრება ახალი კორონავირუსის უკან დახევის შესახებ. „იგრძნობა, რომ დაკარგა ძალა და აგრესია, რომლითაც მარტის შუა რიცხვებში დაგვატყდა თავს“, – თქვა მან იტალიურ გაზეთ La Verita-სთან ინტერვიუში.

ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ვირუსი შეიძლება ბუნებრივი გზით შეიცვალოს და უფრო მეტად ან ნაკლებად აგრესიული გახდეს.

„ეს ისტორიულად ბევრ სხვა ეპიდემიასა თუ გრიპის შემთხვევაშიც მომხდარა, აქ ახალი არაფერია; ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსიც 2-3 წელიწადში ჩვეულებრივ, რიგით სუსტი სინდრომების ინფლუენსად გადაიქცევა“, – აღნიშნა ბასეტიმ.

ამასთან, იგი მაინც ფრთხილობს შეფასებებში და არც იმის ალბათობას გამორიცხავს, რომ Covid-ინფექცია ნაკლებად აგრესიული ჩანდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან უკვე „გააკეთა დარტყმა ყველაზე სუსტ ნაკადზე“.

სან პაოლოს საავადმყოფო მილანში

ვირუსოლოგი Francesco Le Foche: „დღეს კლინიკური თვალსაზრისით ვხედავთ ნაკლებად მნიშვნელოვან სინდრომებს!“

რომის პოლიკლინიკა უამბერტო I-ის საავადმყოფოს იმუნოინფექციური დაავადებების განყოფილების დღის სტაციონარის ხელმძღვანელს, ფრანჩესკო ლე ფოკეს მიაჩნია, რომ საეჭვოა, კოვიდ19-ს საწყისი პოზიცია დაეკარგა:

„ჩვენ საკმაოდ კარგად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა მან 10 მაისს Rai Radio 2-ის ეთერში: „ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა – კოვიდ 19-ის წინააღმდეგ „თამაშის“ მეორე ნახევარი. დღეს ჩვენ ვხედავთ კლინიკურად ნაკლებად მნიშვნელოვან სინდრომებს. ეს შეიძლება იყოს ვირუსის ვირულენტობის (რომელიმე მიკროორგანიზმის პათოგენობის ანუ დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი – რედ.) შემცირების შედეგი. ინტენსიური თერაპია პაციენტებისთვის უკვე იშვიათ შემთხვევებში გვჭირდება, ეს შეიძლება ვირუსის პოტენციის კლების მაჩვენებელი იყოს, მაგრამ მიუხედავად მიღწევებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს სწორი, პასუხისმგებლობით აღსავსე ქმედება მოგვეთხოვება“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

ეპიდემია „ცარიელდება?

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტი თანხმდება, რომ ახალმა კორონავირუსმა ძალა დაკარგა, მაგრამ მაინც არსებობს შანსი იმისა, რომ ეს არ იყოს სიმართლე. მასიმო კლემენტმა, მილანის სან რაფაელეს ვირუსოლოგიის ლაბორატორიის დირექტორმა, ეპიდემიის შესახებ გადაცემა Otto e Mezozo-ში ისაუბრა, La7-ზე. „ეპიდემია, რომელიც ცარიელდება და ვირუსი, რომელიც უბრალო გაციებად გარდაიქმნება“, – ამბობს იგი.

Massimo Galli: „იმის თქმა, რომ ვირუსი დაწყნარდა, ყოველგვარ ლოგიკას სცდება“

სხვა ვირულოგები უფრო პესიმისტურად უყურებენ Covid-19-ის სავარაუდო შესუსტებას.

პროფესორმა მასიმო გალის, მილანის საქსოს საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების განყოფილების დირექტორს, ეეჭვება, რომ კორონავირუსი ახლა ნაკლებად სასიკვდილო იყოს.

„სიტუაცია შეიცვალა, რადგან ასაკოვნები და სუსტი ნაწილი, რომლებიც გადარჩნენ, მაქსიმალური უსაფრთხოების წესების დაცვით, იზოლაციაში იმყოფებიან. არანაირი მტკიცებულება და გამოხატულება იმისა, რომ ვირუსმა ძალა დაკარგა, ჯერ არ გამოვლენილა.

იმის თქმა, რომ ვირუსი დაწყნარდა, ყოველგვარ ლოგიკას სცდება. არცერთ მეცნიერულ კვლევას არ დაუდგენია, რომ კორონავირუსი დღეს ნაკლებად სახიფათოა“, – აცხადებს პროფესორი გალი.

ეპიდემიოლოგი: „არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, ასეთი გზავნილები ვერ დაგვეხმარება“

„მეცნიერულად რომ იყოს დამტკიცებული, ყველანი ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ მიუხედავად ჩემი უამრავი კონტაქტისა საერთაშორისო მკვლევარებთან, ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება [ახალი კორონავირუსის] რაიმე დასუსტების ან მუტაციის შესახებ. ამ ტიპის ინფორმაციების გავრცელება საზოგადოებას არაფერში წაადგება, რადგან ეს გვაფიქრებინებს, რომ ვირუსი ნაკლებად სახიფათოა და დავუბრუნდებით ძველ მდგომარეობას, რომელიც გამოვიარეთ. არა ბატონებო, ასე არ გამოვა“, – აცხადებს ალექსანდრო ვესპინანი, ბოსტონის უნივერსიტეტის ეპიდემოლოგი ჟურნალ Otto e Mezzo-სთან ინტერვიუში.

სკეპტიკურად უდგება საკითხს, აგრეთვე, ლაძარო სპალანცანის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ანტონინო დი კარო.

მისი თქმით, ჯერჯერობით ახალი კორონავირუსის პათოგენურობასთან დაკავშირებული რაიმე მნიშვნელოვანი მუტაცია არ შეიმჩნევა.

„რატომ ხდება საავადმყოფოებში შემთხვევების სერიოზული კლება? არ მიმაჩნია, რომ ვირუსის აგრესიის გამო, უფრო ლოგიკური იქნებოდა შეფასება, რომ ხალხის იზოლაციით ვირუსის მიმოქცევა შემცირდა“, – აცხადებს იგი Corriere della Sera-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს შედეგი შეზღუდვების ზომების დამსახურებაა.

ციცი ხაბელაშვილი

წყარო: milanotoday

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close