fbpx
პოლიტიკასაქართველო

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა (ვიდეო)

„ორ ადამიანს ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებ“ - სალომე ზურაბიშვილი

არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, შეწყალება არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს ჩემს თავზე ვიღებ ამ ტვირთს, ვათავისუფლებ საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ოდიოზურ ფიგურებს და ამავდროულად ერთხელ და სამუდამოდ ვათავისუფლებ ქვეყანას იმ წარსულისგან რომელიც რეალურად წინსვლაში გვაფერხებს და საფრთხეს უქმნის მომავალს. საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, ამას ხელს ვერავინ შეუშლის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

რა დანაშაულებისთვის გაასამართლეს შეწყალებული პოლიტიკოსები

მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

როგორია საარჩევნო შეთანხმება, რომელმაც პრეზიდენტს ორი პოლიტიკოსის შეწყალების გადაწყვეტილება მიაღებინა

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში მიღწეული შეთანხმების თანახმად: 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები 120/30 ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული წესით  აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) – მაჟორიტარული წესით.

ამასთან, პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად, მხოლოდ ამ არჩევნებისთვის 1%-იანით შეიცვლება. აგრეთვე, დაწესდება ე.წ. 40%-იანი ჩამკეტიც, რაც იმას გულისხმობს, რომ პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close