იტალიელებს სახლიდან გასასვლელად 18 მაისიდან სპეციალური ფორმის შევსება აღარ დასჭირდებათ
გასულ ერთ დღეში გარდაცვალების 195 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ყველა სხვა მაჩვენებელი გაუმჯობესდა
SARS-CoV-2-ით ინფიცირების 888 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში, მთლიანობაში კი – 222 104, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით; 31 106 გარდაცვლილი (+195 გასულ ერთ დღეში), 112 541 გამოჯანმრთელებული (+3502 გუშინდელთან შედარებით); 893 მძიმე პაციენტი (59-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ), მათგან 307 – ლომბარდიაში (15-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ), – ეს მონაცემები გამოაცხადა დღეს საღამოს იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
ამ დროისთვის იტალიაში 78 457 აქტიური პაციენტია, რომელთაც ვირუსის არსებობა უფიქსირდებათ ორგანიზმში – ეს მაჩვენებელი გუშინდელთან შედარებით 2909-ით შემცირდა. მათგან ჰოსპიტალიზებულია 12172 ადამიანი (693-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ).
18 მაისიდან იტალიელებს ავტოსერტიფიკატის შევსება აღარ დასჭირდებათ სახლიდან გასასვლელად; აგრეთვე, დაშვებულია ახლო მეგობრებისა და ნათესავების მონახულება და ოჯახური სადილის გამართვა. მოქალაქეებს, უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვით, შეუძლიათ მაღაზიებში, ბარებში, რესტორნებსა და საპარიკმახეროებში სიარული (გამონაკლისია ლომბარდია და პიემონტი; ამ ორი რეგიონის შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას ხვალ, 14 მაისს გამოაცხადებს). აგრეთვე, დადგენილია პლაჟზე გასვლის წესებიც. დასაშვები იქნება მეორე სახლში წასვლაც, თუ ეს მეორე სახლი იმავე რეგიონში მდებარეობს. რეგიონებს შორის გადაადგილება კი ჯერჯერობით ისევ შეზღუდული რჩება, სულ მცირე, პირველ ივნისამდე. ამის შესახებ La Stampa წერს.
მაღაზიების, კლუბების, საპარიკმახეროების და პლაჟებისთვის ინსტრუქციები Inail-მა და ISS-მ ერთობლივად შეიმუშავეს და გამოსცეს. მათ, ვისაც ბარებსა და რესტორნებში უნდა მაგიდასთან დაჯდომა, უნდა დაიცვან დისტანცია – მინიმუმ 2 მეტრი სკამებს შორის (გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ერთად ცხოვრობენ). ინდივიდუალურ კლიენტს უნდა ჰქონდეს 4 კვ. მეტრი სივრცე ან გამჭვირვალე პლასტმასის (პლექსიგლასი) პანელით უნდა იყოს გამოყოფილი სხვებისგან.
სასურველია არ გამოიყენოთ ნაღდი ფული. კლიენტები მენიუს დანართის (აპლიკაცია) საშუალებით ან კედელზე განთავსებულ დაფებზე გაეცნობიან. მათ კი, ვინც სამზარეულოში მუშაობს, მუდმივად უნდა ეკეთოთ ნიღაბი და ხელთათმანები; ნიღაბი უნდა ეკეთოს კლიენტსაც, როდესაც იგი თავის მაგიდას სცილდება.
ჰაერის კონდიცირებისათვის განსაზღვრული წესები დადგინდება.
ცნობილია, აგრეთვე, ზუსტი წესები პლაჟებისთვის: ქოლგების რიგებს შორის მანძილი მინიმუმ 5 მეტრი უნდა იყოს, ხოლო რიგებში ქოლგებს შორის – 4,5 მ. შეზლონგებს შორის კი 2-მეტრიანი მანძილის დაცვაა აუცილებელი (რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება ერთი ოჯახის წევრების შეზლონგები). დაჯავშნის დროს უპირატესობა მიეცემათ მათ, ვინც შეზლონგებს რამდენიმე დღით დაჯავშნის. ყველაფრის დეზინფექცია ჩატარდება, გარეთ დამონტაჟებული საშხაპეების და გასახდელების გამოყენება აკრძალულია. როგორც მოსალოდნელი იყო, მკაცრად აკრძალულია პლაჟის თამაშებიც.
დაჯავშნა აუცილებელია უფასო პლაჟების შემთხვევაშიც, სადაც შესაძლოა განთავსდეს ბარიერები უსაფრთხო მანძილების მოსანიშნად, რომლის დაცვაც აუცილებელი იქნება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები