ისტორიამსოფლიო

10 დაუდევრობა, რომელმაც ისტორია შეცვალა

ადამიანის მიერ უნებურად დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეცვალოს… მათ შორის არის ჰიტლერის საუკეთესო გენერლის დაუდევრობა – რომ არა ის, შესაძლია მეორე მსოფლიო ომს სხვა ფინალი ჰქონოდა.

1. ერვინ რომელის მეუღლის დაბადების დღემ მეორე მსოფლიო ომის დასასრული განაპირობა

ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მეორე მსოფლიო ომი, რომ არა ეს მოვლენა. საუბარია 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეების შესვლაზე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ადოლფ ჰიტლერმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალს ერვინ რომელს საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროს დაცვა უბრძანა.

რომელი დარწმუნებული იყო, რომ ცუდი ამინდების გამო მოკავშირეები გადაიფიქრებდნენ ან, სულ მცირე, გადადებდნენ მაინც თავიანთი ძალების ნორმანდიაში გადასხმას, ამიტომაც მან ძალიან მშვიდად აღნიშნა თავისი ცოლის დაბადების დღე. ეს კი დიდი შეცდომა იყო.

სწორედ რომელის ცოლის დაბადების დღეს – 6 ივნისს მოკავშირეების სამხედრო ძალები ნაცისტებს მოულოდნელად დაესხნენ თავს და ნორმანდიის მთელი სანაპირო ზოლი დაიკავეს. ისტორიკოსების შეფასებით, ამ დღეს თითქმის 9000 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა, გადარჩენილები კი თავიანთ დამარცხებაში რომელს ადანაშაულებდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ რომელი ბოლოს მაინც გამოცხადდა ბრძოლის ველზე, მაგრამ სატანკო დახმარება მოითხოვა, რასაც უშუალოდ ჰიტლერის ნებართვა სჭირდებოდა. ფიურერს კი ამ დროს ეძინა და ვერავინ გაბედა მისი გაღვიძება.

2. თარჯიმნის შეცდომამ ჰიროსიმას დაბომბვა გამოიწვია

მეორე მსოფლიო ომის თემას თუ გავაგრძელებთ, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი მოვლენაც უნდა გავიხსენოთ – ჰიროსიმას ატომური დაბომბვა. წარმოიდგინეთ, რომ შეიძლებოდა ეს ტრაგედია აგვეცილებინა, მოკავშირეებს თარჯიმანში რომ გამართლებოდათ!

აი, როგორ იყო საქმე: პოტსდამის დეკლარაციით, მოკავშირეებმა იაპონიისგან უსიტყვო კაპიტულაცია მოითხოვეს. პასუხად იაპონიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კანტარო სიძუკიმ დაწერა წერილი, რომელშიც გამოყენებული იყო სიტყვა „მოკუსაცუ“ და რომლის გაგებაც სხვადასხვანაირად შეიძლებოდა. სიძუკის უნდოდა ეთქვა, რომ იფიქრებდა მოკავშირეების მოთხოვნაზე, მაგრამ თარგმანით გამოვიდა, რომ პრემიერმა მათი მოთხოვნები უარყო.

შედეგი ყველასთვის ცნობილია: 10 დღის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმაში პირველი ატომური ბომბი ჩააგდო.

3. დავიწყებული გასაღები და „ტიტანიკის“ დაღუპვა

„ტიტანიკის“ დაღუპვა, უდავოდ, ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფაა კაცობრიობის ისტორიაში და მისი თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ერთი უმნიშვნელო წვრილმანი.

საქმე ისაა, რომ კომპანიის მმართველმა ხომალდზე ერთ-ერთი ოფიცერი შეცვალა. თითქოს არაფერი, მაგრამ მას ჯიბეში დარჩა გასაღები, რომელიც შემცვლელისთვის აუცილებლად უნდა გადაეცა.

ეს იყო იმ საწყობის გასაღები, სადაც  დურბინდები ინახებოდა. შედეგად  უდურბინდიდ დარჩა ფრედ ფლიტი, რომელიც გზის მეთვალყურე იყო, ამიტომაც მოხდა, რომ მან დროულად ვერ შენიშნა აისბერგი. ფრედ ფლიტს აისბერგი დროულად რომ დაენახა, იქნებ ეს ტრაგედიაც არ მომხდარიყო.

4. პირველი მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი მძღოლის შეცდომა გახდა

მართალია, იმ პერიოდში მსოფლიოს მთავარი მოთამაშეები ისედაც კონფლიქტში იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ სწორედ ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობა გახდა მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა. და ეს შეიძლება არც მომხდარიყო, მძღოლს რომ… ახლავე აგიხსნით!

ფრანც ფერდინანდი პირველ თავდასხმას სწორედ მძღოლის წყალობით გადაურჩა – მან შეძლო და ერცჰერცოგი ბომბის აფეთქების ადგილიდან დროულად გაიყვანა, მაგრამ დაიღუპა ძალიან ბევრი ადამიანი. ერცჰერცოგმა დაჭრილების საავადმყოფოში მონახულება მოინდომა, მძღოლმა კი სულ სხვა მხარეს გადაუხვია და შემთხვევით იმ კაფეს ჩაუარა, სადაც ანარქისტი გავრილო პრინციპი იჯდა, თავისი შანსის მოლოდინში…

პრინციპმა ორჯერ გაისროლა და ფერდინანდიც მოკლა და მისი მეუღლეც. ამის შემდეგ პირველი მსოფლიო ომი უკვე გარდაუვალი იყო.

5. რუსეთმა „უსარგებლო ტუნდრა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიჰყიდა

„უსარგებლო ტუნდრა“ – ასე უწოდებდნენ რუსები ალასკას და სიამოვნებით მიჰყიდეს აშშ-ს 1867 წელს, სულ რაღაც, $7.2 მილიონად, მაგრამ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ალასკაზე ოქროს მოპოვება დაიწყეს. მალე ალასკამ, ნევადის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა ოქროს მოპოვების მხრივ.

ალბათ რუსები დღემდე იდაყვებს იჭამენ, – ალასკაზე ხომ ამჟამადაც გრძელდება ოქროს მოპოვება, რომ აღარაფერი ვთქვათ ნავთობზე.

6. ობმოდებული თეფში და პენიცილინის აღმოჩენა

ეს ერთადერთი ფაქტია ამ ჩამონათვალში, რომელმაც ისტორია უკეთესობისკენ შეცვალა. ალექსანდრ ფლემინგის მიერ 1929 წელს პენიცილინის აღმოჩენას სათავე დაუდო ანტისანიტარიამმეცნიერის სამუშაო ადგილას. დღემდე პენიცილინის აღმოჩენა უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა კაცობრიობის ისტორიაში.

მაგრამ ის თუ იცით, რომ ეს ანტიბაქტერიული საშუალება ფლემინგმა იმის წყალობით აღმოაჩინა, რომ ჭუჭყიან ლაბორატორიაში მუშაობდა? დიახ, ობის სოკოს შესწავლა მან სწორედ სამუშაო მაგიდაზე დაობებული თეფშით დაიწყო, რაც მსოფლიოში პირველი ანტიბიოტიკის აღმოჩენით დასრულდა!

7. გზააბნეული მონადირის მიერ დანთებული საბედისწერო კოცონი კალიფორნიის ტყეში 

კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ხანძარი მონადირემ გააჩინა. 2003 წელს სან-დიეგოს მახლობლად ტყეში დაკარგულმა მონადირემ გადაწყვიტა, სასიგნალო კოცონი დაენთო.

ამ გადაწყვეტილებამ კი ნამდვილი კატასტროფა გამოიწვია: ცეცხლის დამანგრეველმა სტიქიამ ტყის 1200 კვ. მ და 2322 სახლი გაანადგურა და 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

8. ლონდონის უდიდესი ხანძრის „შემოქმედი“ უბრალო მცხობელი გახდა

ამ ხანძარმა 1666 წელს ფერფლად აქცია იმ ეპოქის უდიდესი ქალაქი. ხანძარი ლონდონის ერთ-ერთ საცხობში დაიწყო, რისი მიზეზიც მცხობელის, ვინმე თომას ფარინერის დაუდევრობა გახდა. შედეგად კი დაიწვა საცხობიც და კიდევ 13 500 სახლი, 87 ეკლესია და სამთავრობო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი. ითვლება, რომ უსახლკაროდ დარჩა 70 ათასი ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობა უცნობია, რადგან მაცხოვრებელთა უმრავლესობა დაურეგისტრირებელი იყო და ცეცხლმა მათი დიდი ნაწილის უმოწყალო კრემაცია მოახდინა.

9. ბიუროკრატის შეცდომის გამო ბერლინის კედელი დაანგრიეს

ეს სახალისო შეცდომა აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში დაუშვა. მას უნდოდა რეპორტიორებისთვის ეცნობებინა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის მიმოსვლის პროცედურების შემსუბუქების თაობაზე, მაგრამ შეცდომით წაიკითხა ტექსტი და გამოაცხადა, რომ კონტროლი საერთოდ უქმდებოდა და მიმოსვლა თავისუფალი იქნებოდა. გამოსვლის დასრულებისთანავე ხალხმა დაიწყო შეკრება კედელთან და მალევე ადამიანების უკონტროლო ტალღამ საერთოდაც „აიღო ბერლინის კედელი“.

10. კატების მასობრივი დახოცვის შედეგად ლონდონს შავი ჭირი მოედო

შავი ჭირის ეპიდემია (1665-1666) ლონდონმა უდიდეს ხანძრამდე ერთი წლით ადრე გადაიტანა. ინგლისელებს მიაჩნდათ, რომ ეს დაავადება კატებს გადაჰქონდათ, შედეგად, ლონდონელებმა სრულიად გაჟუჟეს მთელი საკატეთი, ამან კი საწინააღმდეგო შედეგი მოიტანა: კატები ხომ მუსრს ავლებენ ვირთხებს, რომლებიც  სწორედაც რომ ინფექციის გადამტანები  იყვნენ. ამ საშინელ ეპიდემიას, რომელის 18 თვის განმავლობაში მძვინვარებდა, 100 000 ლონდონელის სიცოცხლე შეეწირა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close