მსოფლიოსაზოგადოება

გერმანიამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა – ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ანგელა მერკელმა 16 ფედერალური მიწის ხელმძღვანელებთან ტელეკონფერენციის შემდეგ განაცხადა.

ამავე დროს, გერმანიის ლიდერმა აღნიშნა, რომ პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

გერმანიაში სოციალური დისტანცირების ზომები 5 ივნისამდე დარჩება ძალაში, თუმცა კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები დამატებით შემსუბუქდება. კერძოდ, გაიხსნება დიდი მაღაზიები, ხანდაზმულთა თავშესაფრებში დაშვებული იქნება ვიზიტორების მიღება. მიმდინარე თვის მეორე ნახევარში განახლდება საფეხბურთო მატჩები.

რაც შეეხება კინოთეატრების, თეატრებისა და რესტორნების გახსნას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ფედერალური მიწების ადგილობრივი მთავრობები ინდივიდუალურად მიიღებენ.

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული მონაცემები ვირუსის გავრცელების შესახებ დადებითია და ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლევა.

კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მზარდი გახდება, შეზღუდვები აღდგება.

გერმანიის ლიდერმა მოსახლეობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

1tv.ge

p. s. ამ დროისთვის (01:00, 07.05.2020) გერმანიაში დაფიქსირებულია SARS-CoV-2-ით ინფიცირების 167817 შემთხვევა, გარდაცვლილია 7225 ადამიანი ( 4,3%), გამოჯანმრთელდა 137696 პაციენტი (82%). იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი გერმანიაში ყველაზე დაბალია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close