ეკონომიკასაქართველო

11 მაისიდან თბილისიც იხსნება და მაღაზიების ნაწილიც

11 მაისიდან თბილისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება, ხოლო 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა.

მისივე განმარტებით, კომენდანტის საათი ძალაში რჩება.

„11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვა შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში“, – განაცხადა გახარიამ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს, 21:00 საათიდან, აღდგომამდე 3 დღით ადრე აიკრძალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან ასევე სრულად გაიხსნება მიმოსვლა მარნეულში. მისი განმარტებით, მარნეულისთვის დამატებითი დრო ტესტირების პროცესის გამო გახდა საჭირო:

„მარნეულში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ ამიტომ გვჭირდება ეს დამატებითი დრო“, – განაცხადა გახარიამ.

ხუთი მაისიდან შეზღუდვა უკვე მოხსნილია ქუთაისსა და ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე.

11 მაისიდან გაიხსნება მაღაზიები, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვთ ქუჩიდან, თუმცა ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები.

„ეს არ ეხებათ მოლებსა და ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იღებენ.

საქართველოში მაღაზიები 31 მარტიდან დაკეტილია. კომერციული საქმიანობა ამ დრომდე მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული, მთავრობის ნებართვის საფუძველზე.

რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოში ბოლო 2 დღეში სულ ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა: 6 – გუშინ დილით, 5 – დღეს დილით და ამ დროისთვის  ლაბორატორიულად დადასტურებული 615 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 275 ადამიანი, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close