იტალიასაზოგადოება

იტალია, 7 მაისი – კიდევ 274 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით, 3000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა

საბედისწერო ზღვარი: რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს სრული კარანტინი?

კიდევ 1401 ინფიცირებული გასულ 24 საათში (მათგან 764 ლომბარდიაში) და ჯამში ინფიცირების 215 858 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით; 274 ლეტალური შემთხვევა ბოლო ერთ დღეში (მათგან 134 – ლომბარდიაში), მთლიანობაში 29 958 გარდაცვლილი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით; 96 276 გამოჯანმრთელებული (3031 მეტი, ვიდრე გუშინ); 89624 აქტიური პაციენტი (1904-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით), მათგან 15 174 ჰოსპიტალიზებულია კოვიდ-ინფექციის სიმპტომებით (595-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ); მძიმე პაციენტების რაოდენობა 22-ით შემცირდა და რეანიმაციაში 1311 ადამიანია მოთავსებული, დანარჩენები სახლის პირობებში იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

აღსანიშნავია, რომ აქტიურ პაციენტთა რაოდენობა მთელ იტალიაში მცირდება, 3 რეგიონის გარდა: ლომბარდიაში გასულ ერთ დღეში 262-ით გაიზარდა, მარკეში – 11-ით, ხოლო ვალე დ’აოსტაში – 3-ით.

ეს მონაცემები წარუდგინა დღეს საღამოს იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ჟურნალისტებს. ამის შესახებ Ansa წერს.

იტალიის კათოლიკურ ეკლესიებში ლიტურგია მორწმუნეებისთვის 18 მაისიდან განახლდება – ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს დღეს, 7 მაისს ქვეყნის მთავრობამ და კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ. შეთანხმების თანახმად, ტაძრებში უნდა იყოს მიღებული სანიტარიული უსაფრთხოების ზომები, ტარდებოდეს შენობის დეზინფექცია, აგრეთვე, დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია. პატარა ტაძრების წინამძღვრებს კი სთხოვენ, შეძლებისდაგვარად მსახურება  გარეთ, ღია სივრცეში ჩაატარონ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტანსაცმლის მაღაზიები იტალიაში 18 მაისიდან უნდა გაიხსნას, თუმცა მაღაზიების მფლობელები მოუწოდებენ მთავრობას, უკვე 11 მაისიდან მისცეს მათ მუშაობის განახლების უფლება. ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ დღეს, 7 მაისს მოდის ფედერაციისა და ბიზნესასოციაცია Confcommercio-ს ხელმძღვანელები. ამის შესახებ La Stampa წერს.

მათი თქმით, ასეთი სავაჭრო ობიექტების მფლობელების დიდ ნაწილს უკვე აღარ აქვს რესურსი, თითქმის 2-თვიანი დაკეტვის გამო შესაძლოა 17 ათასამდე მაღაზია გაქრეს და ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგოს. საჭიროა საგანგებო ზომების მიღება, ნათქვამია მიმართვაში.

თუ მთელ ლომბარდიის რეგიონში ინფიცირებულთა დღიური ზრდა 500-ს გადააჭარბებს 18 მაისის შემდეგ, ბლოკირების ზომები ისევ აღდგება და ის თავისუფლება, რომელიც ასე სასურველია და რომელიც თანდათანობით ბრუნდება, ისევ მირაჟად იქცევა. ამის შესახებ „ლა რეპუბლიკა“ წერს.

ეს არის განვითარების ის სცენარი, რომელზეც ამ დღეებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეპიდემიოლოგიური მრუდის შეფასება დაახლოებით 20 პარამეტრის გამოყენებით ხდება, სიმპტომების გამოვლენის თარიღიდან დაწყებული, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის თარიღამდე და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული მონაცემების ჩათვლით. ამას ემატება ინფიცირების ინდექსი RT, ახალი მაჩვენებელი (გამოითვლება ყოველ 7 დღეში ერთხელ), რომელიც, რომის მიერ დადგენილი წესის თანახმად, უნდა გამოიყენებოდეს იმისათვის, რომ გაირკვეს, მაღლა ხომ არ მიდის ინფიცირების მრუდი მეორე ფაზაში და ხომ არ არის საჭირო, რომ იტალიელები კარანტინის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

თუ მიმდინარე სიტუაცია – ინფიცირების ინდექსის თანდათანობითი შემცირება – შენარჩუნდება, იტალია შეძლებს ნელ-ნელა დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს.

გაანგარიშებები გრძელდება. მოცემულ მომენტში, არაოფიციალური მონაცემებით, ლომბარდიის Rt ინდექსი დაახლოებით 0,8-ს უდრის და „საბედისწერო ზღვარზე“ – ერთზე დაბალია (1-ის გადამეტება გამოიწვევს შემზღუდავი ზომების ისევ შემოღებას). ახალი, Rt-პარამეტრი მცირედ განსხვავდება R0-ისგან, რომელსაც აქამდე იყენებდნენ (როგორც ცნობილია, R0 აჩვენებს, საშუალოდ რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულს; ლომბარდიაში ამ დროისთვის R0 ნაკლებია, ვიდრე, საშუალოდ, იტალიაში და, ტრენტოს ბრუნო კესლერის ცენტრის გაანგარიშებით, დაახლოებით 0,5-ს უდრის. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ლომბარდიაში ყოველი 100 ინფიცირებული, საშუალოდ, კიდევ 50 ადამიანს აინფიცირებს).

ეპიდემიოლოგების განმარტებით, ის ფაქტი, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ლომბარდიაში გასულ ერთ დღეში 764-ით გაიზარდა (მათგან 130 – აპრილით თარიღდება), ფაქტობრივად, იმ სიტუაციის გამოვლინებაა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ არსებობდა, როცა ეს ადამიანები დაინფიცირდნენ, ასე რომ, ჯერჯერობით სანერვიულო არაფერია.

ნიკო აბაშიშვილი

მილანი, დროშები და ყვავილები საცხოვრებელი სახლის აივნებზე; 7 მაისი, 2020; ციცი ხაბელაშვილის ფოტო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close