საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ 24 საათში 11-ით გაიზარდა და  ამ დროისთვის მთლიანობაში ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით.

კიდევ 17-მა პაციენტმა პაციენტმა დატოვა საავადმყოფოები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240-მდე გაიზარდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ-ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით ამჟამად 355 პაციენტი მკურნალობს. ექიმების განცხადებით, უახლოეს დღეებში კიდევ 20-მდე კოვიდ-ინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 

საქართველოში დადასტურებული 604 შემთხვევიდან 118 ბოლნისს უკავშირდება; გასულ 24 საათში გამოვლენილი 11 შემთხვევიდანაც 10 – ბოლნისთანაა კავშირში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათი ინფექციის წყარო ცნობილია. ისინი ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები არიან.

კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით ამ დროისთვის საქართველოში 9 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 58 წლის ქალი იყო (იგი 3 მაისს თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა), ყველზე ხანდაზმული კი – 86 წლის ქალი.

მთლიანობაში, გარდაცვლილთაგან 6 ქალია, 3 მამაკაცი. მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 75,8 წელია. ექიმების განცხადებით, ყველა მათგანს თანხმლები პათოლოგიები აღენიშნებოდა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, COVID-19-ით პირველი პაციენტი 4 აპრილს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close