იტალიასაზოგადოება

იტალიაში COVID-19-ით კიდევ 269 ადამიანი გარდაიცვალა, 78 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა

მაისში ბიუჯეტიდან თანხას ოჯახის დამხმარეები და მომვლელებიც მიიღებენ

იტალიაში COVID-19-ის დიაგნოზით მძიმე ავადმყოფთა რაოდენობის კლება უკვე რამდენიმე კვირაა განუხრელად გრძელდება და არც გასული 24 საათი ყოფილა გამონაკლისი – ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთა რაოდენობა 116-ით შემცირდა და ამ დროისთვის 1578-ს შეადგენს. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაასაჯაროვა. ამის შესახებ Ansa წერს.

მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 78249 პაციენტი, 2304-ით მეტი, ვიდრე გუშინ. მოქმედ პაციენტთა რაოდენობა ისევ შემცირდა 608-ით და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი 100943-ია.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი გასულ 24 საათში 269-ით გაიზარდა, სულ ეპიდემიის დაწყებიდან 28236 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად  გასულ ერთ დღეში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 1965 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 207428-ს მიაღწია – ამ მაჩვენებლით იტალია მესამეა მსოფლიოში აშშ-ისა (1103721) და ესპანეთის (239639) შემდეგ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დღეს, პირველ მაისს ოფიციალურად მოუხადა  ბოდიში თანამემამულეებს იმისათვის, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ზომები ამ დრომდე არ განხორციელებულა.

კონტემ პირობა დადო, რომ მისი მთავრობის მინისტრები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ყველა დაპირებული ფინანსური თუ სხვა სახის დახმარება მოქალაქეებმა და ბიზნესსექტორმა რაც შეიძლება მალე მიიღონ.

იტალიის მოქალაქეთა კატეგორიაში, რომლებსაც 2020 წლის მაისში ბიუჯეტიდან დახმარების თანხა ჩაერიცხებათ, შევლენ, აგრეთვე, მომვლელები და ოჯახის დამხმარეები. ამის შესახებ შრომის მინისტრმა ნუნცია კატალფომ დღეს განაცხადა. მინისტრის თქმით, დახმარების თანხა 400-იდან 600 ევრომდე იქნება.

შრომის მინისტრის განცხადებით, კიდევ 3 თვეს გაგრძელდება დაქირავებული მუშაკების გათავისუფლების აკრძალვა მთელი იტალიის მასშტაბით.

უფრო ადრე ქვეყნის ხელისუფლებამ დამქირავებლებს თანამშრომლების დათხოვნა მაისის შუა რიცხვებამდე აუკრძალა. მათ შორის, აკრძალულია თანამშრომლების გათავისუფლება შტატების შემცირების ან მუშაკის დაბალი შრომის ნაყოფიერების გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close