fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა

საქართველოს და მსოფლიოს სტატისტიკა ამ დროისთვის

საქართველოში დღეს დილისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 14 შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 511-ს მიაღწია. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. გუშინ დღის ბოლოს დაფიქსირებული იყო 497 შემთხვევა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან განიკურნა 156 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში 2 შემთხვევაში ახალი ვირუსი ავსტრიის მოქალაქეებს დაუდგინდათ და ორივე პაციენტი ავსტრიამ სპეცრეისით სამშობლოში დააბრუნა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 349 აქტიური პაციენტია.

კარანტინის რეჟიმში 5085 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558.

საქართველოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი 6 ადამიანიდან ორი მამაკაცია – 68 წლის და 83 წლის, ოთხი – ქალი, 73, 79, 81 და 86 წლის პაციენტები. ყველა მათგანს ექიმების თქმით, COVID-19-თან ერთად სხვა ქრონიკული პათოლოგიებიც ჰქონდათ.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით, SARS-CoV-2-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი საქართველოში 4 აპრილს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ამ დროისთვის (13:30, 28.04.2020) მთელ მსოფლიოში დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 მლნ 75 ათას 546  შემთხვევა, გარდაიცვალა 211792 ადამიანი,  გამოჯანმრთელდა 925125 პაციენტი. ვირუსმა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში შეაღწია. ინფიცირების შემთხვევების (1 010 507), გამოჯანმრთელებულთა (139162) და მსხვერპლთა რაოდენობით (56803) მსოფლიოში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა; ინფიცირების შემთხვევების (229422) და გამოჯანმრთელებულთა (120832) რაოდენობით მეორე ადგილზეა ესპანეთი; ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით (199414) მესამე ადგილზე მყოფი იტალია კი მსოფლიოში მეორე ადგილზეა გარდაცვალების მაჩვენებლით (26977).

რამდენიმე ქვეყანამ (მათ შორის, ევროპაში, აგრეთვე საქართველომ) კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო, ზოგი კი ამ პროცესის დაწყებას მაისის პირველი რიცხვებიდან გეგმავს. ვირუსი დიდხანს არ გაქრება და ვაქცინის შექმნამდე უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება – ასეთია კაცობრიობის გამოწვევა არსებულ რეალობაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close