ეკონომიკასაქართველო

გეხებათ თუ არა მთავრობის ფინანსური დახმარება?

საქართველოს პრემიერ-მინისტის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ეხება როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესსუბიექტებს.

საერთო ჯამში, ანტიკირიზისული გეგმა მოიცავს 3,5-მილიარდიან მიზნობრივ დახმარებას, საიდანაც 1,35 მილიარდი ლარი მოქალაქეების პირდაპირ დაფინანსებას მოხმარდება.

ვნახოთ, ვის შეეხება, ან უკვე შეეხო მთავრობის ფინანსური დახმარება და საშეღავათო ღონისძიებები.

დახმარება მოქალაქეებს

1. საქართველოს მასშტაბით თითოეულ აბონენტს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება ელექტროენერგიის, დასუფთავების, წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის გადასახადები.

ელექტროენერგიის შეღავათით უკვე სარგებლობს 1 200 000 აბონენტი, ბუნებრივი აირის შეღავათით – 670 000 აბონენტი.

2. სახელმწიფომ დააზღვია 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდა. ქვემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებზე ფასების ზრდის შესაჩერებლად მთავრობამ 15 მილიონი ლარი დახარჯა:

ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა, ლობიო.

3. მთავრობის და საბანკო სექტორის ურთიერთშეთანხმებით, 600 000 მოქალაქეს სესხები გადაუვადდა.

4. ყველა ის მოქალაქე, რომელმაც კრიზისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ) დაკარგა სამსახური, მიიღებს 1200 ლარს, რაც გადანაწილდება 6 თვეზე ანუ თვეში 200 ლარი.

დახმარებით სარგებლობას შეძლებს მინიმუმ 350 000 მოქალაქე, რაც ბიუჯეტს, საერთო ჯამში, 460 მილიონი ლარი დაუჯდება.

5. ყველა ის მოქალაქე, რომელიც შეინარჩუნებს სამსახურს 750 ლარამდე ხელფასით, ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის. 1500 ლარამდე ხელფასის მქონე მოქალაქის საშემოსავლო გადასახადს კი მთავრობა ნაწილობრივ დაასუბსიდირებს – 750 ლარზე.

ამ ხარჯისთვის ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი გამოიყოფა.

6. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები ან თვითდასაქმებული მოქალაქეები ერთჯერადი დახმარების სახით მიიღებენ 300 ლარს.

საერთო ჯამში, ამ მიზნით 75 მილიონი ლარი დაიხარჯება.

7. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-იდან 100 000-მდეა, ექვსი თვეში დამატებით მიიღებენ 600-ლარიან დახმარებას.

აღნიშნული დახმარებით ისარგებლებს 70 000 ოჯახი – 100 000 მოქალაქე.

ამ მიზნით ბიუჯეტიდან დაიხარჯება 45 მილიონი ლარი.

8. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამი, ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, დამატებით ასევე მიიღებენ 600 ლარს.

ისარგებლებს 21 000 ოჯახი – 130 000 მოქალაქე. ხარჯი – 13 მილიონი ლარი.

9. ასევე 600-ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და შშმ ბავშვებზე.

ისარგებლებს დაახლოებით 40 000 მოქალაქე. ხარჯი – 25 მილიონი ლარი.

10. ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად წარმოადგინდა მთავრობამ 2021 წლის იანვრიდან პენსიების ზრდის კომპონენტიც, კერძოდ:

• ყველა პესნიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა ანუ ფასების ზრდა ვერ მოახდენს გავლენას პენსიის მოცულობაზე.

• 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ინფლაციას დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%, ანუ პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი.

• მიუხედავად ინფალციის და ეკონომიკური ზრდის პარამეტრებისა, პენსიების ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლებით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი – 25 ლარზე ნაკლები.

• ძალაში რჩება 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის 10 ივლისიდან პენსიის 30 ლარით მომატება.

დახმარება ბიზნესს

1. ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ს ზედმეტობით დაბრუნება – წელს ბიზნესი დამატებით მიიღებს 600 მილიონ ლარს.

2. კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი.

3. ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.

4. ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სახელმწიფოს მონაწილეობის წილი (თანადაფინანსება) გაიზრდება როგორც მიმდინარე პროექტებთან, ისე ახალ წამოწყებებთან მიმართებაში.

5. გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება.

• აგროკრედიტები – 30 000 ლარამდე

• სესხის პრიოცენტის სრული დაფინანსება

• სესხების ჯამური მოცულობა – 50 მილიონი ლარი

• ბენეფიციართა რაოდენობა – 5000

6. მიმდინარე წელს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან, ამასთან, წინა წლებში დაგროვილი დავალიანება სრულად ჩამოიწერება.

7. ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპით შეღავათები უკვე დაუწესდათ ავტოიმპორტიორებს.

შეღავათით ისარგებლა 38 000-მა იმპორტიორმა. ხარჯი – 50 მილიონი ლარი.

8. გეგმის ფრგლებში მოხდა 7000 იურიდიული პირის სესხების რესტრუქტურიზაცია.

9. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასთა შორის სხვაობის დასაზღვევად გამოიყო 200 მილიონი ლარი.

10. მცირე სასტუმროებს დაუსუბსიდირდათ საბანკო ვალდებულებები 80%-ით.

11. გეგმის ფარგლებში 4500 ბიზნესსუბიექტისთვის მოხდა ოთხი თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება (90 მილიონი ლარის მოცულობით).

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close