საზოგადოებასაბერძნეთი

შეზღუდვების მოხსნა: ხვალ პრემიერ-მინისტრი მიცოტაკისი საბერძნეთის მთავრობის სამოქმედო გეგმას წარადგენს

ხვალ, 28 აპრილს დაგეგმილია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის სატელევიზიო მიმართვა, რომლის დროსაც იგი ქვეყნის მოსახლეობას პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლების მომავალ სტრატეგიას გააცნობს. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს. 

მთავრობის გეგმა უახლოესი ორი თვის განმავლობაში შეზღუდვების თანდათანობით გაუქმებას ითვალისწინებს. საბერძნეთის ხელისუფლების მიზანია შეუნარჩუნოს ქვეყანას პანდემიის წინააღმდეგ წარმატებულად მებრძოლი სახელმწიფოს პრესტიჟი.

იმედოვნებენ, რომ მოქალაქეები აღნიშნულ პერიოდში ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკითხს, როგორც შეზღუდვების დროს. ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ აღიჭურვა, რათა უფრო მომზადებული შეხვდეს ეპიდემიის მეორე ტალღას, რომელსაც სექტემბრიდან ელოდებიან.

ამავე დროს, იმედოვნებენ, რომ შემოდგომისთვის მზად იქნება ვაქცინა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ბევრი ეპიდემიოლოგი სიფრთხილით ეკიდება შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილებას. მათ მიერ შექმნილი მათემატიკური მოდელების მიხედვით, შესაძლებელია, რომ ვირუსის გავრცელება დაჩქარდეს. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ყოველდღიურად 200 ადამიანი დაინფიცირდეს.

საბერძნეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მასობრივი ტესტირების დანერგვას. გაფორმდა ხელშეკრულება ორ სამედიცინო კომპანიასთან უმაღლესი ხარისხის PCR ტესტების შემოტანის თაობაზე, ესენია: ამერიკული Abbott და შვეიცარიული Roche. მათი ტესტები საბერძნეთში მაისის ბოლოს შემოვა და ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება დღეში 8000 ტესტის ჩატარება.

უკვე ცნობილია, რომ შეზღუდვების მოხსნა 4 მაისს დაიწყება და სამ ფაზად განხორციელდება. მეორე ფაზა – მაისის ბოლოს, ხოლო მესამე – ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება. თითოეული ფაზის განმავლობაში სამსახურში 200-300 ათასი ადამიანი დაბრუნდება და საბოლოოდ ყველა ადამიანი დაუბრუნდება დროებით შეჩერებულ თავის სამუშაოს.

საბერძნეთის მთავრობის გეგმას შეზღუდვების მოხსნის შესახებ დაწვრილებით გაგაცნობთ პრემიერ მიცოტაკისის გამოსვლის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდება ყველა დეტალი.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close