იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: 27 აპრილის სტატისტიკა – კიდევ 333 გარდაცვლილი

რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რიცხვი 2000-ზე ნაკლებია, პირველად 16 მარტის შემდეგ

16 მარტის შემდეგ დღეს პირველად მოხდა, რომ იტალიაში კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული კოვიდ-პაციენტების რიცხვი 2000-ზე ნაკლებია (1956) და 2-ჯერ და მეტად შემცირდა 3 აპრილის მაჩვენებელთან (4038) შედარებით.

აქ მნიშვნელოვანია პროცენტული შეფარდებაც: 16 მარტს მთელი იტალიის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული იყო 1851 პაციენტი, რაც აქტიური პაციენტების 8%-ს შეადგენდა; დღეს დაფიქსირებული 1956 კი აქტიურ პაციენტთა 2%-ს შეადგენს.

ეს იმის ნიშანია, რომ ჯანდაცვის სისტემაში სიტუაცია სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება, რომ მკურნალობის შემუშავებული მეთოდები უფრო ეფექტიანია და დაავადების აღმოჩენა და მკურნალობა ხდება ადრეულ სტადიაზე, რის შედეგადაც გართულებები ნაკლებად ვითარდება. დღეს რომ აქტიურ პაციენტთა 8% რეანიმაციაში ყოფილიყო მოთავსებული, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 8 ათასზე მეტი ადამიანი იქნებოდა, რასაც იტალიის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდებოდა, – ამის შესახებ „ლა რეპუბლიკა“ წერს სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.

სამწუხაროდ, იტალიაში ისევ გაიზარდა გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი – გასულ ერთ დღეში კორონავირუსისგან 333 პაციენტი დაიღუპა, სულ კი მსხვერპლთა რიცხვი 26 977-ს შეადგენს.

კიდევ გამოჯანმრთელდა 2496 პაციენტი, მთლიანობაში – 66 624.

გასულ ერთ დღეში, ჩატარებული ტესტირებების შედეგად, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1739 შემთხვევა, მათგან ყველაზე მეტი, 590 – ისევ ლომბარდიაში. პანდემიისგან ყველაზე უფრო დაზარალებულ სხვა რეგიონებს რაც შეეხება, 278 ახალი შემთხვევაა პიემონტში, 212 – ემილია-რომანიაში, 108 – ვენეტოში, 32 – ტოსკანაში, 154 – ლიგურიაში და 83 – ლაციოში.

290-ით შემცირდა აქტიურ პაციენტთა რაოდენობა (105 813).

ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა კი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 199 414-ს შეადგენს.

„ანსა“ წერს, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ლომბარდიაში გაემგზავრა: ჯერ – მილანის პრეფექტურაში, შემდეგ – ბერგამოში, ბოლოს კი – ბრეშიაში. ეს კონტეს პირველი ვიზიტია ლომბარდიაში CIVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდეგ.

მოგვიწევს ვირუსთან „თანცხოვრება“ – კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ეკონომიკის „რესტარტი“ კარანტინის  შემდეგ „ძალიან რთული ამოცანა“ იქნება. ამის შესახებ მედია წერს.

„ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება და სჭიროა, რომ უსფრთოების ყველა შესაძლო ზომა მივიღოთ“, – განაცხადა კონტემ ქვეყანაში საკარანტინო ზომების მოსალოდნელ მოხსნასთან დაკავშირებით.

საწარმოო კომპანიებს, მშენებლობებს და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს იტალიაში უფლება მიეცათ, 4 მაისიდან განაახლონ მუშაობა. 2 კვირის შემდეგ მუშაობის განახლების უფლებას მისცემენ რითეილერებს (სხვადასხვა სახის საქონლის საცალო ვაჭრობის კომპანიები), ივნისის დასაწყისიდან კი – რესტორნებს და ბარებს.

კონტემ აღნიშნა, რომ კომპანიები მუშაობის უფლებას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილზე პროტოკოლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების წესებს მკაცრად დაიცავენ.

ცნობილია, რომ ჩვეულებრივი სასწავლო პროცესი იტალიაში სექტემბრამდე არ განახლდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close