იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო

ჩატარებული ყოველი 28 ტესტიდან მხოლოდ ერთია დადებითი - ასეთი დაბალი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა

იტალიაში გასულ 24 საათში ჩატარდა 65387 ტესტი ახალი ტიპის კორონავირუსით – SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა გამოსავლენად, შედეგად ინფიცირების 2357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. შეიძლება ითქვას, რომ კლება მნიშვნელოვანია, რადგან მეტი ტესტი ჩატარდა და გაცილებით ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ 62447 ტესტიდან დადებითი იყო 3021). თითქმის ყოველი 28 (27,7) ტესტიდან მხოლოდ ერთი იყო დადებითი კორონავირუსზე. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი იტალიაში პანდემიის პერიოდში დაფიქსირებულა. ამის შესახებ la Repubblica წერს.

ამ დროისთვის იტალიაში მთლიანობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 195 351 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით.

გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 415 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ით  და მსხვერპლთა ჯამურმა მაჩვენებელმა 26384-ს მიაღწია. ამ მაჩვენებლით იტალია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის (52 843 გარდაცვლილი) შემდეგ.

მძიმე პაციენტთა რაოდენობა გასულ ერთ დღეში 71-ით შემცირდა და ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში  2102 ადამიანია მოთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რიგები 24 საათში 2622 ადამიანით გაიზარდა,  მთლიანმა რაოდენობამ 63120-ს მიაღწია.

კიდევ 680-ით შემცირდა აქტიურ პაციენტთა რიცხვი და ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირება 105847 ადამიანს უფიქსირდება. ასეთია სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ დღეს საღამოს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემები.

მაისში იტალიაში არქეოლოგიური ძეგლები და მუზეუმები გაიხსნება. ამის შესახებ დღეს კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის მინისტრმა დარიო ფრანჩესკინიმ  “La Repubblica”-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა. მან ისაუბრა სამინისტროს გეგმებზე და კატეგორიულად უარყო იდეა, რომ პლაჟებზე პლექსიგლასის (გამჭვირვალე პლასტმასა) კაბინები დაიდგმება: „ეს საშინლად გამოიყურება და აშკარად არაპრაქტიკულია!“ – განაცხადა ფრანჩესკინიმ.

მისი თქმით, მაისში – არა 4 მაისიდან, არამედ უფრო გვიან – იტალიაში მუზეუმები და არქეოლოგიური ძეგლები გაიხსნება, თუმცა სამეცნიერო-ტექნიკური კომიტეტის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით.

მინისტრი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ტურიზმი იტალიაში ეპიდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ მთავრობას სთხოვს, რომ ამ სფეროსთვის მომავალ დადგენილებაში სათანადო სუბსიდიები გაითვალისწინონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close