საზოგადოებასაქართველო

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად კიდევ 3 სპეცრეისი დაინიშნა

საგარეო უწყება: 23 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 12 636 მოქალაქეს, ხოლო 7600 სამშობლოში დაბრუნდა

2020 წლის 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 12 636 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7600 მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ.

აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს. კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა.

როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებგვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებგვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

განაცხადის შესავსებად გადადით ამ ლინკზე: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-sakitkhebi/ganackhadi-dakhmarebaze.aspx,  აირჩიეთ სახელმწიფო, სადაც იმყოფებით და შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა (მაგ., საბერძნეთში – ამ ლინკზე: http://www.greece.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2707&lang=1; იტალიაში – ამ ლინკზე: http://www.italy.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=2688&lang=1).

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება დამატებით კიდევ სამი მიმართულებით (ათენი, ამსტერდამი, ბერლინი)  სპეცრეისების დანიშვნის შესახებ: 5 მაისს – ათენიდან, 7 მაისს – ამსტერდამიდან, 9 მაისს კი – ბერლინიდან დაბრუნდებიან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები.

„2 მაისის ჩათვლით ფრენები უკვე გაწერილია, მივიღეთ გადაწყვეტილება კიდევ 3 რეისის დამატების შესახებ. 5 მაისს შესრულდება რეისი ათენის მიმართულებით, 7 მაისს – ამსტერდამის, 9 მაისს კი ბერლინის მიმართულებით. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“.

რაც შეეხება მანამდე დანიშნულ რეისებს: დღეს, 24 აპრილს შესრულდება სპეცრეისი ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს – ვარშავა-თბილისი, 30 აპრილს – მადრიდი-თბილისი, 2 მაისს კი – პრაღა-თბილისი.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ 27 აპრილს შესრულდება, აგრეთვე, რეისი ვენა-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია Myway.

„მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Myway გეგმურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა ქ. პრაღაში. კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება, მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით კომპანია ქ. პრაღიდან უკანა ფრენას განახორციელებს ქ. ვენის გავლით და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქ. ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ბილეთების რეალიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია Myway-ს ვებგვერდზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close