fbpx
მედიცინაპოლიტიკა

რამდენიმე კვირაში შვედეთის დედაქალაქი „მასობრივ იმუნიტეტს“ მიაღწევს ლოქდაუნის გარეშე

სანამ მეზობელი ქვეყნები საზღვრებს ხურავდნენ და წარმოებას აჩერებდნენ, შვედეთმა გადაწყვიტა პანდემიას თავისებურად გამკლავებოდა და მაქსიმალურად შეენარჩუნებინა ცხოვრების არსებული სტილი. როგორც ჩანს, სტრატეგიამ თავისი შედეგი გამოიღო: სტოკჰოლმში რამდენიმე კვირაში ე. წ. „ჯოგური“ ანუ მოსახლეობის მასობრივი იმუნიტეტი მიიღწევა. ამის შესახებ CNBC წერს.

მასობრივი იმუნიზაციის სტრატეგია გულისხმობს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაავადება უნდა გადაიტანოს და იმუნიტეტი გამოიმუშაოს, შემდეგ კი ინფექცია თავისით დაიხევს უკან. დაცული უნდა იყოს მოსახლეობის მხოლოდ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად, მოხუცები.

ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ძალზე საშიშია, მაგრამ შვედეთში გარისკვა გადაწყვიტეს. იმის ნაცვლად, რომ დაეხურათ სკოლები, მაღაზიები და ქარხნები, მოქალაქეებისთვის კი სახლში დარჩენა აიძულებინათ, ქვეყნის მთავრობა მხოლოდ პენსიონერებს იცავდა, დანარჩენებს კი რეკომენდაციას უწევდა, დაეცვათ უსაფრთხოების ზომები.

ასეთმა სტრატეგიამ, კრიტიკის მიუხედავად, ნაყოფი გამოიღო. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტენგელის (Anders Tegnell) თქმით, დედაქალაქში (რომლის მოსახლეობა დაახლოებით მილიონი ადამიანია) ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა შეჩერებულია.

„სტოკჰოლმის გარშემო, შვედეთის დიდ რაიონებში, ჩვენ პლატოს მივაღწიეთ (ახალი შემთხვევების რაოდენობა აღარ იზრდება) და უკვე ვხედავთ მასობრივი იმუნიტეტის ეფექტს. რამდენიმე კვირაში ეს ეფექტი კიდევ უფრო მეტად საგრძნობი გახდება. სიტუაცია ქვეყნის დანარჩენ ნაწილში სტაბილურია“, – განაცხადა ანდერს ტენგელმა.

მასობრივი იმუნიტეტი, ჩვეულებრივ, ვაქცინაციის პროცესში მიიღწევა, როდესაც ანტისხეულები მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს გამოუმუშავდება, თუმცა მზა ვაქცინის გარეშე მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ, ექნებათ თუ არა დაავადებაგადატანილებს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ და თუ ექნებათ, რა ხანის განმავლობაში, – წერს CNBC.

ტენგელის თქმით, მონაცემების შეგროვებამ და მოდელირებამ აჩვენა, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 20%-მა უკვე შეიძინა იმუნიტეტი კორონავირუსის მიმართ, რამდენიმე კვირაში კი ინფექციის შემთხვევები შემცირდება. „სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებლები მაღალია მოხუცებულთა თავშესაფრებში ვირუსის შეჭრის გამო. ამის მიზეზებს ვიკვლევთ“, – დასძინა მან.

სტატისტიკის თანახმად (24.04,2020, 18:00), შვედეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულია 17 600-ზე მეტი ადამიანი, ორჯერ მეტი, ვიდრე მეზობელ დანიაში (8210), სადაც მკაცრი იზოლაციის ზომებია დაწესებული. დაღუპულთა რიცხვი შვედეთში 2152-ს შეადგენს (დანიაში – 403-ს). ახლა ქვეყანაში კვირაში COVID-19-ზე დაახლოებით 20 000 ადამიანის ტესტირება ხდება და ტესტირებების რაოდენობის 100 000-მდე გაზრდას აპირებენ.

ჯანმოს (WHO) წარმომადგენლები ფრთხილად უდგებიან კოლექტიური იმუნიტეტის ფორმირების იდეას, რომელმაც ეპიდემიის ბუნებრივი ჩაქრობა უნდა გამოიწვიოს. არსებული მონაცემებით, COVID-19-ის ანტისხეულები მსოფლიოს მოსახლეობის 2-3%-ს აქვს. მათი რეკომენდაციაა, რომ ვაქცინის შექმნამდე საკარანტინო ზომები უნდა შენარჩუნდეს.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close